ვულკანურმა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და საქართველოს დაშორდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კოტე თევდორაძემ განუცხადა.
"ამჟამად ჩვენთვის უკეთესი მდგომარეობაა. ღრუბელი კავკასიის ქედის გასწვრივ ისევ არის, თუმცა მან მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთით გადაიწია. აქედან გამომდინარე, გამაფრთხილებელი ნოტამი მოვხსენით" - განაცხადა თევდორაძემ.
მისივე განცხადებით, ვულკანური ღრუბელი საქართველოში მცირე ხნით აფხაზეთის თავზე შეინიშნებოდა, თუმცა დანარჩენ საქართველოზე მისი გავრცელების საფრთხე ამ დროისათვის მოხსნილია.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 14 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. ფერფლი მთელ ევროპაში გავრცელდა. ვულკანური ღრუბელი ევროპის თავზე, შესაძლოა, კიდევ 4-5 დღე დარჩეს. ფერფლის გავრცელების გამო დახურულია ევროპის საჰაერო სივრცე. ფრენების შეჩერების შედეგად აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ზარალმა ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა.