აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 25 დეკემბერს კვლავ განახლდა. დაცვის მხარის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა კოლეგია მნიშვნელოვან შუამდგომლობებს ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით დააკმაყოფილებდა, არ გამართლდა. მოსამართლე მარინა სირაძე მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვას დაეთანხმა.
ლალი აფციაური, ადვოკატი: „მოსამართლეებმა სასამართლო გამოძიებას არ დაურთეს ის მნიშვნელოვანი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ვახანიას ბინაში დიდი რაოდენობით ძალოვანების ყოფნასა და „დაზარალებულ“ ლელა ხუბულავას მის სახლში სტუმრობას, მის მიერ ვახანიასათვის კასეტის ნებაყოფლობით გადაცემას ასახავდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია იმ 10 მოწმის დაკითხვაც, რომლებიც იმ უკანონობის თვითმხილველები არიან, რომელსაც ვახანიას სახლში ჰქონდა ადგილი. ამ ადამიანიებს სერიოზული ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ.“
ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესების მიმართ საზოგადოებრივი დაინტერესება ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ ამ განხილვას ევროკავშირის წარმომადგენელი, კაუპო კენდი და საყოველთაოდ აღიარებული უფლებადამცველები, სერგეი კოვალიოვი და ერნსტ ჩორნი აკვირდებოდნენ.
ცნობილი საბჭოთა დისიდენტი და რუსი უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი ვახანიას მხარდასაჭერად მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.
სერგეი კოვალიოვი: „ეს არის პოლიტიკური საქმე, რადგან დაადანაშაულო იგი თავისუფალი სიტყვის ხელისშეშლაში, რაღაც ეგზოტიკურია. ვახანიას შესახებ ბევრი რამ მომითხრეს. საიდუმლოებით მოცულია თვითონ პასპორტების ჩამორთმევა, ყველა მისი წერილი უპასუხოდ დარჩა, მათ შორის პარლამენტის წევრების მიერ შედგენილი. რას ნიშნავს ეს, თუკი საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებს?
უცნაურ ზღაპრად გამოიყურება იარაღის აღმოჩენისა და ჩხრეკის ისტორიაც. მე ვიცი ჩვენთან, რუსეთში რა შედეგით სრულდება ასეთი პროცესები-როგორც „ხელმძღვანელები“ გადაწყვეტენ. ვფიქრობ, რომ თქვენთანაც ჯერჯერობით ასეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს იმედი გამიჩნდა. მე ტელეფონით ვესაუბრე ანდრეი ილარიონოვს, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. მას საკმაოდ დამსახურებული რეპუტაცია აქვს. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ანდრეი ნიკოლაევიჩს პირადი ურთიერთობა აქვს და ამიტომაც ასეთი ჩარევა საიმედოა.
მეც ვიცნობ თქვენს პრეზიდენტს, სტრასბურგიდან... პოლონეთში, ჟირინოვსკის ერთ სულელ დეპუტატზეც ერთად გვიცინია...
ანდრეი ილარიონოვმა უდიდესი მასალა მოაგროვა აგვისტოს მოვლენების შესახებ. მე ბოდიში უნდა მოვიხადო, ჩვენი, ყველას სახელით ამ ომში რუსეთის ხელისუფლების მოქმედებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ძალიან მოკრძალებული წერილი გავუგზავნეთ სააკაშვილს, სადაც ხაზგასმით ავღნიშნეთ ის, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის დროს ქართულ ინტერესებს ვიცავდით. ავღნიშნეთ ისიც, რომ პოლიტპატიმრების, მათ შორის შპიონაჟში ბრალდებული მეცნიერების ინტერესებს, ჩვენსავე ქვეყანაშიც ვიცავთ... სააკაშვილს შეუძლია ვლადიმერ ვახანია მოსკოვში, საკუთარ ოჯახში დააბრუნოს, მისთვის ეს ძნელი არ არის, მითუმეტეს მის მიმართ უცნაური ბრალდებებია.“
სერგეი კოვალიოვი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი მასაც ჰქონდა. „თქვენს პრეზიდენტთან დაკავშირება მოსკოვიდან ორჯერ ვცადე, მაგრამ მის ტელეფონზე იცით ვინ მპასუხობდა?-„უბორშიცა“...ის მეუბნებოდა, მე აქ ვალაგებ და ვერავის ვპოულობო...შემდეგ ვიფიქრე, რომ სააკაშვილთან შეხვედრის მოწყობა თბილისში უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ვერც ერთ ოფიციალურ პირთან შეხვედრა ვერ მოხერხდა...“
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პიტერ სემნევის პირადი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, კაუპო კენდი აღნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირის მისია ამ შემთხვევაშიც დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებდა.
კაუპო კენდი: „ჩვენ ამ პროცესს ისევე ვადევნებთ თვალყურს, როგორც სხვა დანარჩენს, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევას შეეხება. ყველა წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას და ვაკვირდებით პროცესის მიმდინარეობას. სხვას ვერაფერს გეტყვით.“
ვახანიას სასამართლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.
[ნანა ფაჟავა. ზუგდიდი, presa.ge]