"საქართველოში დღეს ავტორიტარული რეჟიმია, მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს არსებულ ვითარებაში ცხოვრება. ქვეყანას მართავს არა დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონი არამედ იმართება პრეზიდენტის სურვილებისამებრ, რომლის განხორციელებაში ერთმანეთს ეჯიბრება სხვადასხვა უწყება.
საქართველოს ყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი. მაგალითისთვის აგერ მხოლოდ ჩვენს რეგიონში ზუგდიდსა და ხობში არის ხუთი პოლიტიკური პატიმარი, მინდა ჩამოვთვალო, ესენი არიან ბატონები; ვლადიმერ ვახანია, ჯონი ჯიქია, მერაბ ქვარაია, ილია წურწუმია, იოსებ ქებურია. მათ წინააღმდეგ შეთითხნილია სისხლის სამართლის საქმეები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეწინააღნდეგებიან იმ უსამართლობას რომელიც ხდება ქვეყანაში. ხელისუფლება განსაკუთრებით ებრძვის სამეგრელოს, რადგან ეშინია ამ რეგიონის. ზუგდიდის საკრებულოში “კონსერვატორების” თითქმის მთელი ფრაქცია დააკავეს, ზეწოლის ქვეშაა, ასევე, სხვა ოპოზიციური გაერთიანებებიც.
კონსერვატიულმა პარტიამ შეაგროვა ათასობით ხელმოწერა რომელიც შემდგომში გაეგზავნება ევროპის კომისიის პრეზიდენტს ბატონ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ბატონ ტერი დევისს და ასევე ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით! ხელისუფლებისგან ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ მათ განთავისუფლებას! ქვეყანას რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ყავს იქ ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე.