- გამგებელმა მითხრა, მე მაგის სახსრები არა მაქვსო. მოძღვარიც ხან 1 ლარს მაძლევს, ხან 2–ს
4 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა ლალი კუკუჯანაშვილი მეხუთე წელია დედოფლისწყაროში მეგობრის ბინაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეოთხე ვაჟი შეეძინა, მეუღლემ მიატოვა და საცხოვრებლად გურჯაანიდან დედოფლისწყაროში გადმოვიდა. მეუღლის ასავალ-დასავალი დღემდე არ იციან. ოთხი წელია მარტოხელა დედას სახელმწიფოს მხრიდან არცერთი თეთრი არ მიუღია. ის ამბობს, რომ ყველანაირი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი და დაბადების მოწმობები დაკარგული აქვთ, რის გამოც არსად ფიქსირდებიან და სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ. მარტოხელა დედა კეთილი ადამიანების დახმარებით ახერხებს ბავშვები სიკვდილისგან გამოიხსნას.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ უფროსი ვაჟი თემური დაბადებიდან ინვალიდია, ცერებრალური დამბლითაა ავად და გადაადგილებას ვერ ახერხებს. ის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს, თუმცა დედამ მას რომ მიხედოს ყველას შიმშილი ემუქრებათ, ამიტომ იძულებულია, მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან იდგეს და გამვლელებს შემწეობა სთხოვოს: ,,პირადობის მოწმობებისთვის თანხა ვერაფრით მოვაგროვე, მოძღვარსაც ვთხოვე, გამგებელსაც, მაგრამ მოწმობის აღებაში ვერავინ დამეხმარა. დახმარებას მაინც ავიღებდი და ჩვენი გაუსაძლისი ცხოვრება ოდნავ მაინც შემსუბუქდებოდა. ვართ ასე ცაზე გამოკიდებულნი, ღვთის ანაბარა მიტოვებულნი. გამგებელმა მითხრა, მე მაგის სახსრები არა მაქვსო. მოძღვარიც ხან 1 ლარს მაძლევს, ხან 2 ს - მეტი არ შემიძლიაო - ამბობს მრავალშვილიანი მარტოხელა დედა და გამგებელს, მამა ნიკოლოზს და შეძლებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდებს პირადობის მოწმობის აღებაში დაეხმარონ, რათა 4 შვილის გამოკვება მოახერხოს.
კუკუჯანაშვილები ვერც საშუალო განათლების მიღებას ახერხებენ, უსახსრობისა და საბუთების უქონლობის გამო ისინი არც სკოლაში დადიან. ,,ქიზიყი` მათ პრობლემას თვალს აქტიურად მიადევნებს და დეტალებს მომავალშიც მოგაწვდით.
[თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი]