ვტორი ნინო მიქიაშვილი
00:01 13.09.2013
იმაზე, თუ რა საერთო აქვს საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით შექმნილ 11-კაციან კომისიას ““; რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში; რატომ უნდა გაითვალისწინოს კულტურის სამინისტრომ არასპეციალისტების აზრი და რისთვის გამოუყო მილიონი ევრო ევროკავშირმა საქართველოს, შევხვდი და ვესაუბრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, პროფესიით ინჟინერ-მეტალურგ ვანო თვალავაძეს.
ვანო თვალავაძე: კონსტანტინე და დავით მხეიძეების წმიდა ნაწილების გახსნისა და განადგურებისთვის, 1923 წელს მაშინდელმა კულტურის სამინისტრომ კომისია შექმნა. ამ კომისიას ხალხისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ წმიდა ნეშტებში არაჩვეულებრივი არაფერი იყო. კომისიის დასკვნა გაზეთში გამოქვეყნდა - “...მეცნიერება იცნობს არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების ძვლების შენახვის ბევრ შემთხვევას, როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხეიძეების ნეშტების შენახვაში არაბუნებრივი, ღვთიური და სასწაულებრივი არაფერია“.
ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე “უღმერთოთა კავშირმა“ (სილიბისტრო ჯიბლაძე, ვალია ბახტაძე) წმინდანთა ნეშტებს მოუწყო “სახალხო სასამართლო“, წაუყენა ბრალდება “მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალხის მოტყუებისათვის“ და მიუსაჯა რიონში გადაყრა, სრული განადგურება.
საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით შექმნილი კომისია დაახლოებით იგივე როლს ასრულებს - კომისიის წევრები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) პრესით, ტელევიზიით გამოდიან და ხალხს უმტკიცებენ, რომ იმ მაღაროში არაჩვეულებრივი არაფერია, და რომ გერმანელი მეცნიერები ატყუებენ, როგორც ფრანგულ და გერმანულ ფონდებს, ისე მთელ მსოფლიოს, როცა ამბობენ, რომ ჩენი წინაპრები ამ მაღაროში ოქროს სამთო წესით მოიპოვებდნენ და რომ ეს მაღარო ეგვიპტის უძველეს მაღაროზე ადრინდელია.
რატომ გააქტიურდნენ 11-კაციანი კომისიის სახელოვანი წევრები?
-საქმე იმაშია, რომ კულტურის სამინისტრო ამ რთული და უხერხული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს და სწორი პოზიციის დაკავებას ცდილობს. ეს აშკარად გამოჩნდა კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც გერმანელი და ქართველი არქეოლოგები, ისე გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, გეოლოგები, არქეოლოგები, მეტალურგები, საზოგადოების იმ აქტიური ნაწილის წევრები, რომლებიც საყდრისის ოქროს მაღაროს გადასარჩენად იბრძვიან.
აღმოჩნდა, რომ ამ შეხვედრაზე იმ 11-კაციანი კომისიის მთელი შემადგენლობა მოწვეული იყო, მაგრამ ყველა არ მოვიდა. თქვენც იქ იყავით და ალბათ, გახსოვთ, რომ ერთადერთი ომარ ქუცნაშვილი ცდილობდა ოპონირება გაეწია დანარჩენებისთვის. ბუნებრივია, კომისიის დანარჩენი წევრები შეიტყობდნენ ამ შეხვედრაზე რა მოხდა, ვინ რა თქვა და როგორი პოზიცია დაიკავა. ჰოდა, მერე ატეხეს ერთი ამბავი. არადა, შეეძლოთ იქ მოსულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში ეკამათათ.
სხვათა შორის, ევროკავშირმა საქართველოს 1 მილიონი ევრო გამოყო კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის განვითარებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას.
საინტერესოა ინფორმირებულია თუ არა ევროკავშირი საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?
-რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ და იმ მეცნიერებმა, რომლებიც საყდრისის გადასარჩენად იბრძვიან, საქმის ვითარება წერილობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გააცნეს.
ივლისის პირველ ნახევარში კულტურის სამინისტროში განიხილეს და მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია, რომელიც წარმოადგინა იკომოს-საქართველომ (იკომოსი კულტურულ ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოა). კონცეფცია მიზნად ისახავს ძეგლების უკეთ დაცვის უზრუნველყოფას. კონცეფციის განხილვაში მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. ამ კონცეფციამ მათგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
განხილვაზე იკომოს-საქართველოს გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ აღნიშნა - “სახეზეა კულტურული მემკვიდრეობის ცნების გაფართოება მთელ მსოფლიოში. კლასიკური მონუმენტებიდან ყურადღება გადატანილია ხალხური, ინდუსტრიული, სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვისკენ. შესაბამისად, სილამაზის დაცვიდან ისტორიის განვითარების ეტაპების წარმომადგენლობითობის დაცვაზე“. მან მაგალითი მოიყვანა: “ნორვეგიაში მეთორმეტე საუკუნის ხითნაგები ეკლესიების გვერდით იცავენ მეოცე საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ნახშირის გადამზიდ საბაგირო ხაზს და ტელეგრაფის გადამცემ ხაზს, ოსლოდან ბერგენამდე. ამგვარი მეთოდით ისტორიის განვითარების ეტაპებია ასახული...“
ამ ლოგიკით მიწისქვეშ არსებულ სტალინის სტამბა-მუზეუმს კულტურის სამინისტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს, ორთაჭალის N1 საპყრობილეც შენახული უნდა იყოს იმ ფორმით, როგორითაც აქამდე არსებობდა, ხომ ასეა?!
-დიახ, ასეა და მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე საყდრისის გადარჩენა უმნიშვნელოვანესია. საქართველო “კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა და საზოგადოების შესახებ“ კონვენციის ხელმომწერია, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ძეგლთა დაცვით დაინტერესებული არასპეციალისტების აზრიც უნდა გაითვალისწინონ... “მსოფლიო ნელ-ნელა აღიარებს, რომ არსებობს საზოგადოება, რომელიც მემკვიდრეობით არის დაინტერესებული და მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული“, - აი, ეს ითქვა მინისტრის მიერ ორგანიზებული კონცეფციის განხილვაზე.
ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ არასპეციალისტების აზრიც უნდა გაითვალისწინონ საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ?
-მე კი არ ვამბობ, საქართველო შეუერთდა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ძეგლთა დაცვით დაინტერესებული არასპეციალისტების აზრის ანგარიშგაწევას!
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას, ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას“. აქედან გამომდინარე, რადგანაც “საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის“ ტერიტორია ინარჩუნებს არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსს, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებამდე და არქეოლოგიური ობიექტის დაცვის ზონის არსებობის პირობებში საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის უსაფრთხოება კანონით დაცულია.
კანონით დაცულია 1 ოქტომბრამდე, შემდეგ შეიძლება ააფეთქოს ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ, ზემოთ არაერთხელ ხსენებული კომისიის ხელშეწყობით.
-ასე მოხდება, თუ საზოგადოება ყურადღებას მოადუნებს და ამით თავისი წარსულის აფეთქებას დაეთანხმება. როგორ გგონიათ, საქართველოში არ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი წარსული აფეთქებას თავგანწირვამდე შეეწინააღმდეგება?! გამოჩნდება, თუ ვითარება ასე გართულდა. სხვანაირად ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვიმედოვნებ საქმე აქამდე არ მივა, ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ რთული ვითარებიდან ღირსეულ გამოსავალს იპოვის.