20:00 09.05.2012
დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. დევნილების უბანში ალასანიას გამოჩენისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა. ადგილობრივები ჟურნალისტების მიმართაც არ ფარავდნენ აგრესიას და მათ კამერების დამტვრევით ემუქრებოდნენ.
თუმცა, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგრძელებულა და რაც მთავარია, ამას მოსახლეობისა და ოპოზიციის ლიდერის შეხვედრისთვის ხელი არ შეუშლია. ოპოზიციის მხარდამჭერები ირწმუნებოდნენ, რომ ინცინდენტები ხელისუფლების დავალებით იყო პროვოცირებული.
ირაკლი ალასანიამ კი, ფოთში დევნილთა ახალ უბანში მცხოვრებთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დასახლებაში, რომელიც 2011 წლის აგვისტოში გაიხსნა, 3 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს. ირაკლი ალასანიამ მათ, „ქართული ოცნების“ განათლების, სოფლის მეურნეობის და დასაქმების პროგრამები გააცნო.
ალასანიას თქმით, კორპუსები, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა უკვე დაზიანებულია, არ არის ხარისხიანად გადახურული და ჩადის წყალი. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დევნილებს, მათთვის გადაცემულ ბინებს, საკუთრებაში არ უმტკიცებენ. ამის გაკეთებას ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების შემდეგ აპირებს.
„მე დღეს, ვთხოვე ადგილობრივ მოქალაქეებს ხელი აეწიათ, თუ ვინ იყო დასაქმებული, თუმცა, სამწუხაროდ, ხელი არავის აუწევია. აქ ტოტალური უმუშევრობაა, რასაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.