ავტორი თეონა ისაშვილი
15:47 01.02.2012
რამდენიმე დღეა დედაქალაქის კორპუსებში აღწერა მიმდინარეობს. უცნობი პირები ინტერესდებიან რამდენი ადგილობრივი თუ მდგმური ცხოვრობს კონკრეტულ უბნებში. მოსახლობა ეჭვობს, რომ ეს შემოწმება საგადასახადო კოდექსის იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც ბინის გამქირავებელს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს.გამქირავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ გადასახადის დაწესებით ხელისუფლება მათი ჯიბიდან დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამიტომ, ისინი დამქირავებლებს აფრთხილებენ, შემოწმების შემთხვევაში განაცხადონ, რომ ბინის მესაკუთრეების ნათესავები არიან და იქ უფასოდ ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს, 2011 წელს შევიდა. ამავე კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გამქირავებელი გადასახადს თავს აარიდებს, კანონის თანახმად, მას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუკი დეკლარირებული უძრავი ქონება ქირავდება, მისი მეპატრონე ვალდებულია, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 12 პროცენტის ნაცვლად, 20 პროცენტით იბეგრება.
