17:48 24.01.2012
მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს "წინააღმდეგობის მოძრაობა" გამოეხმაურა.
მოძრაობის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცახდებით, ის, რომ კვლევის თანახმად, "წინააღმდეგობის მოძრაობამ" მაღალი რეიტინგი აჩვენა, არავის გაბრაზების საგანი არ უნდა გახდეს.
"კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საზოგადოების რეალური მხარდაჭერა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს. მისი რეიტინგი ყველა დანარჩენის ჯამურ რეიტინგს აღემატება. ჩვენი, 4-5%-ის გამო გაბრაზებულებს მინდა ვუთხრა: ნუ ბრაზობთ. "წინააღმდეგობის მოძრაობა" არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ის მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა. მეტსაც გეტყვით, საკუთარ თავს პოლიტიკოსად საერთოდ არ მოვიაზრებ, არც პრეზიდენტობის პრეტენზია მაქვს, არც პრემიერ-მინისტრობის და არც პარლამენტის თავმჯდომარეობის. როგორც მითხრეს, კვლევის ფარგლებში "წინააღმდეგობის მოძრაობა" ხალხმა დაასახელა და საზოგადოების თხოვნით მოხვდა გამოკითხვის ანკეტაში", - აცხადებს თარხან-მიურავი.
მედია-კავშირ "ობიექტივის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 2011 წლის 13-დან 15 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობები ასახა. კვლევის პირველი შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ლიდერი ორგანიზაცაა "ქართული ოცნება", მეორე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე ადგილზე – "წინააღმდეგობის მოძრაობა".
გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, გალში, გარდაბანში, გორში, თეთრიწყაროში, თელავში, მარნეულში, სენაკში, საჩხერეში, ყვარელში, ხაშურში. სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი.