ავტორი მადლენა მაჭარაშვილი | ტრიბუბა.ge
00:52 5.01.2012
„ალია ჰოლდინგის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სამსახურის დატოვების მიზეზად გამოცემაში ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვასა და მკაცრ ფინანსურ სანქციებს ასახელებს.„ალია ჰოლდინგს წამყვანი ჟურნალისტები ტოვებენ. მათ შორის, პოლიტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტი, ეკა სეხნიაშვილიც სახელდება. გაზეთის მედია-ჯგუფიდან ასევე ამოღებულები არიან ჰოლდინგის ჟურნალისტები თამარ როსტიაშვილი და დარეჯან მეფარიშვილი,“– ეს ინფორმაცია „ტრიბუნას“ რედაქციას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, უცნობმა პირმა გამოუგზავნა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ტრიბუნა“ „ალიას“ რედაქტორს, დიმიტრი ტიკარაძეს დაუკავშირდა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამსახურიდან მხოლოდ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი წავიდა. მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიერ „ალიას“ დატოვების საკითხზე დღეს კომენტარს არავინ გააკეთებს და ამ თემაზე სარედაქციო წერილი გაზეთის ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება.
„ტრიბუნამ“ „ალია ჰოლდინგში“ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება უცნობი ავტორის წერილში დასახელებულ ჟურნალისტებთანაც სცადა.
ჟურნალისტი თამარ როსტიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სამსახური არ დაუტოვებია და არც აპირებს, დატოვოს.
„რა თქმა უნდა, არ ვტოვებ „ალიას“. ეს არის დეზინფორმაცია. ასეთი რამ პირველად მესმის. როგორც ვიცი, ეკა სეხნიაშვილს, როცა მან ისაუბრა „ალიადან“ წასვლის შესახებ, ჩვენი გვარები არ დაუსახელებია,“– განაცხადა როსტიაშვილმა.
„ალიას“ უკვე ყოფილი ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი კი „ტრიბუნასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სამსახური მის მიერ მომზადებულ სტატიებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კომენტარების დაბლოკვისა და რედაქციის მიერ დაწესებული უსამართლო ჯარიმების გამო დატოვა.
„ალია ჰოლდინგი“ პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე. ბოლო დროს წარმოუდგენლად ილახებოდა ჩემი, როგორც ჟურნალისტის, უფლებები – მიუკერძოებლობა და თავისუფლება. მოგეხსენებათ, ჟურნალისტმა უნდა ასახოს ორივე მხარის მანკიერებები. მე ვერავინ დამანაშაულებს, რომ ამ მხრივ, ან ხელისუფლება დამეზოგოს ან – ოპოზიცია. ბოლო დროს, ჩემ მიერ მომზადებულ მასალას სისტემატურად ბლოკავდნენ. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, როცა რესპონდენტმა მკითხა, თუ რატომ არ იყო გაზეთში მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ის დეტალურად ყვებოდა ერთ–ერთი ოპოზიციონერის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს,“– აცხადებს ეკა სეხნიაშვილი.
სეხნიაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო ის რესპონდენტი, რომლის ინტერვიუც რედაქციამ დაბლოკა, მაგრამ ამბობს, რომ ახლო მომავალში ამ მასალას სხვა მედიასაშუალებაში გამოაქვეყნებს.
„როცა გამოცემას სიტყვის თავისუფლებაზე აქვს პრეტენზია, ჯერ საკუთარ რედაქციაში მომუშავე ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას,“– ამბობს ეკა სეხნიაშვილი და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ალიაში“ მისი სტატიები იშვიათად იმის გამო იბეჭდებოდა, რომ მომზადებულ მასალებს უბლოკავდნენ, გაზეთში სტატიის გამოუქვეყნებლობის მიზეზით კი ფინანსურ ჯარიმებს აკისრებდნენ.
„სუბიექტური დამოკიდებულებით – სტატიაში ერთი წინადადების მოუწონლობის ან რამე მიზეზის გამო – თუ ჩემი სტატია გაზეთში არ მოხვდებოდა, მაწერდნენ ფინანსურ ჯარიმას. ასე ექცეოდნენ სხვა ჟურნალისტებსაც.
სტატია თუ არ გექნებოდა გაზეთში, 50–ლარიანი ჯარიმა იყო დაწესებული. 50–ლარიანი ჯარიმა დაგეკისრებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ სტატიას ვერ მოამზადებდი თუნდაც ავადმყოფობის გამო,“– აცხადებს ეკა სეხნიაშვილი.
სეხნიაშვილი ამბობს, რომ მისი კოლეგების – როსტიაშვილისა და მეფარიშვილის –მიერ სამსახურის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
