17:06 29.10.2011
31 ოქტომბერს 12:00 საათზე „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო“. ეს გამოფენა პირველად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 2-5 მაისს ჩატარდა. იგი მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი“, ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) ასლები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალები იმ პუბლიცისტებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.
ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, არასდროს უნახავთ ქართული პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული გამოფენა, რომელიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, დრამატულ ეტაპებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე უცნობია, რა პოლიტიკურ გარემოში უწევდა მუშაობა ქართულ მედიას, რა ღირებულებებს ამკვიდრებდა და როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს ამ რეალობაში. ასევე, ნაკლებად არის ცნობილი ქართული ბეჭდური გამოცემების უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინი და მათი პოლიგრაფიული შესრულება.
31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გამოფენას თან ერთვის შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. გაიმართება რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.
ბათუმის საქალაქო ბიბლლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, საინტერესო იქნება როგორც ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ზუგდიდის ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა.
| livepress |
