23:36 25.09.2011
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ელიტა შევთანხმდეთ თამაშის მთავარ წესებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა აზარალო საკუთარი ქვეყანა. არ უნდა იმოქმედო პარტიზანის პრინციპით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების წელს არ იყოს ეკონომიკური ჩავარდნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ საუბრისას. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ არჩევნების დროს ბიზნესები ჩერდებოდა, რადგან გარკვეული პოლიტიკური ძალები აქციებს აანონსებდნენ და ბიზნესმენებს ეგონათ, რომ ქვეყანა ჩამოიშლებოდა,
პრეზიდენტის განცხადებით, მომავალმა არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს.
ჟურნალისტის კითხვაზე, „თქვენ ხშირად გადანაშაულებენ ოპონენტების მიმართ აგრესიულად ხისტი გამონათქვამების გამოყენების გამო, თუ ეცნობით მათ მოსაზრებებს თქვენზე?“, სააკაშვილი ასე პასუხობს: „კი, ვაღიარებ, რომ ხანდახან ზედმეტი მომდის, მაგრამ ყველას გვაქვს სიტყვით თავისუფლება, მათ შორის, მეც. ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ადამიანების აზრს. ამიტომ, სულ ვკითხულობ ყველას აზრს, ვზივარ Facebook-ზე, სხვადასხვა ვებგვერდებზე. რა თქმა უნდა, ვუყურებ ტელევიზორს, ყველა არხს, რადგან იქ კონკრეტული ადამიანები ლაპარაკობენ. სულ ვუსმენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ვუყურებ თოქშოუებს“.
ტრიბუნა.ge
