ფიროსმანი საზღვრისპირა სოფელია და რაიონული ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. სოფელში საოჯახო მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა იქ "ანტიგიურზა", რომელიც გველის დაკბენის შემთხვევაში გამოიყენება, არ აქვთ. "ანტიგიურზა" არც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს აქვს.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორმა ვანო ნატროშვილმა განაცხადა, 2009 წელს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გველის მიერ დაკბენილმა ოთხმა ადამიანმა მიმართა. ოთხივე მათგანს "ანტიგიურზა" გაუკეთდა და სიცოცხლე შეუნარჩუნდათ. სამწუხაროდ, ბოლო შემთხვევა დაგვიანებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
[წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი; ქიზიყი]