ავტორი თამუნა წიკლაური | ტრიბუნა.ge
14:57 12.01.2012
„მწვანეთა პარტიის“ ცნობით, თურქეთი „ბეშიქ ჰაიას“ წყალსაცავების კასკადის მშენებლობის მოტივით, მდინარე მტკვრის გადაკეტვას თურქეთ-საქართველოს საზღვართან აპირებს.„პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მდინარე მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და გადაინაცვლებს მდინარე ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - „კილიჩისა“ და „ისპირის“ შესავსებად. შესაბამისად, მდინარე მტკვრის წყალი ჭოროხის საშუალებით კასპიის ზღვის ნაცვლად შავ ზღვაში მოხვდება,“– აცხადებენ მწვანეთა პარტიის წევრები.
მათივე თქმით, „თურქული პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში, მდინარე მტკვრის კალაპოტი თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრის მანძილზე მშრალ ხევად იქცევა.
„მწვანეთა პარტია“ მიმართავს საქართველოს, თურქეთის, აზებაიჯანის, გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, ევროკომისიას და ევროპის პარლამენტს, არ დაუშვან პროექტის განხორციელება, რადგან, გარდა ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემებისა, წყლის ხელოვნურად შექმნილმა დეფიციტმა შესაძლოა, სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა გამოიწვიოს.
„მდინარე მტკვარი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი წყლის არტერიაა, რომლის წყლის რესურსები მთელი ამიერკავკასიის რესურსების 30%-ს აღწევს.ის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. შესაბამისად, წყლის რესურსების შემცირება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს არა მხოლოდ საქართველოს,არამედ აზერბაიჯანსაც“ - აცხადებს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.
