ავტორი ნათია ბერსენაძე
05:41 11.11.2011სოციალურად დაუცველმა დარიკო სურგულაძემ აღმოაჩინა, რომ ინდმეწარმეა, დავალიანება აქვს და პენსიას ვერ მიიღებს. სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, საკუთარი უფლება აღიდგინა და ფინანსთა სამინისტროს ბოდიშიც მოახდევინა.
„ლიბერთი ბანკში“ პენსიის ასაღებად მისულმა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრმა დარიკო სურგულაძემ რამდენიმე თვის წინ გაიგო, რომ ინდმეწარმეა და სახელმწიფოს მიმართ 800-ლარიანი დავალიანება აქვს, ამიტომ ვალის დაფარვამდე პენსიას ვერ მიიღებს.
მას მაისში 253 ლარი (საკუთარი პენსია და ოჯახის ორი სოციალურად დაუცველი წევრის პენსია) უნდა აეღო. ეს თანხა დღემდე არ მიუღია. დარიკო სურგულაძის ადვოკატმა ნანა ქადაგიშვილმა გაარკვია, რომ ინდმეწარმე დარიკო სურგულაძე ყვარელში ცხოვრობს და სახელმწიფოს მიმართ დავალიანება მართლაც აქვს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროსთვის შეცდომის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ნანა ქადაგიშვილი: „დარიკო სურგულაძის ოჯახი დარეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი. ამის გადამოწმება ძალიან ადვილი იყო, მაგრამ პენსიის აღსადგენად სამი თვე ვიბრძოლეთ“.
დარიკო სურგულაძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს სესხი არასდროს მიუღიათ. პენსია არის მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ამიტომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა დაიწყო.
23 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაუგებრობის მიზეზი ტექნიკური შეცდომით ახსნა და დარიკო სურგულაძეს ბოდიში მოუხადა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს შეცდომა დაუდევრობის მიზეზით არ მომხდარა, რადგან ასეთი დაზარალებული ადამიანები მრავლადაა.
„შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტრო ასეთი ადამიანების ხარჯზე თანხებს იღებს და ეს ტექნიკური შეცდომა განზრახ დაუშვეს. ფულს წაართმევენ უდანაშაულო ადამიანსაც და ნამდვილ მოვალესაც. ყველას არ შეუძლია ამისთვის დრო და ფული დახარჯოს. დარწმუნებული ვარ, სათავეში კარგად იციან, რა ხდება ქვედა რგოლში“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
დაზარალებულის თქმით, სამინისტროს ბოდიში ამომწურავი პასუხი არ იყო და დამნაშავის ვინაობის დადგენას ბოლომდე შეეცდება.
დარიკო სურგულაძე: „ისინი მიზეზებზე არ საუბრობენ და არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე. ეს საქმე გამოძიებას პირველივე დღიდანვე გადაეცა, მაგრამ დღემდე არაფერი გამოძიებულა. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მორალურად და მატერიალურად დაზარალდა და ამას ანაზღაურება უნდა.
ღმერთმა ყველა დაიფაროს ისეთი ნერვიულობისგან, როგორიც ჩვენ გადავიტანეთ. როცა დამნაშავე არ ხარ, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ყველა დაზარალებულს ამას ვურჩევ“.
დარიკო სურგულაძეს პენსია უკვე აღუდგინეს, მაგრამ მაისის თვის 253 ლარი დღემდე არ მიუღია.
"ობიექტივი"