16:00 16.08.2011
ბათუმის პიაცაზე მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელისა კონცერტი გაიმართა. ორსაათიანი კონცერტის განმავლობაში გვერდწითელმა და ლეგრანმა ყველა სიმღერა სიყვარულზე შეასრულეს . ლეგრანის "შერბურის ქოლგების" შესრულების დროს კი, პიაცაზე ფერადი ქოლგები გაიშალა.
ფრანგი კომპოზიტორის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
კონცერტზე შემოსული თანხა ფონდ "იავნანას" გადაერიცხება, რისთვისაც ფონდის ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ მიშელ ლეგრანსა და თამარ გვერდწითელს მადლობა გადაუხადა.
"ბედნიერი ვარ, რომ ეს თანხა გადაერიცხება "იავნანას", რომელიც მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება და სახლს უყიდის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
კონცერტით კმაყოფილება გამოთქვა თავად თამარ გვერდწითელმა. "ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კონცერტი ჩატარდა. მადლობას ვუხდი პატრიარქს დალოცვისთვის. აქ უდიდესი სიყვარული დამხვდა. სცენაზე ჩვენი სულის ნაწილი დავტოვეთ", - განაცხადა გვერდწითელმა.
კონცერტზე კომპოზიციები თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით აჟღერდა. კონცერტს დირიჟორი ჟან ლუკა მარჩიანო დირიჟორობდა.
interpressnews.ge (ფოტო)