17:23 20.06.2011
რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ალეგორიული ფორმით აკრიტიკებს. რეჟისორს ალეგორიად კონკიას ზღაპარი აქვს გამოყენებული. იგი კონკიას კრებით სახედ უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლს, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს მოიაზრებს. რობერტ სტურუა ჩერგოლეიშვილს „კონკიას“ გარდა „ბარამბოს რედაქტორის“ ეპითეტითაც მოიხსენიებს. „...არ გიკვირთ, ასე რატომ გააფრთდნენ სწორედ ის ადამიანები, ვის ხელშია ჩემი ბედკრული ქვეყანა? რატომ გაჰკივიან დუჟმორეულნი სწორედ ისინი, ვინც საქართველოში ყველაზე ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს (რაც გინდა სულო და გულო - შენია)? ნუთუ იმიტომ ღელავენ, რომ ასეთი ჰუმანისტები არიან და ასე უყვართ მოყვასნი თვისი?! არა მგონია! წლევანდელი 26 მაისი სულ სხვას გვეუბნება!
მაშინ რა, ასე არაადამიანურად შესტკივათ გული აფრიკელი ველური ტომის შვილის გამო? ვერ მოგვატყუებენ - არ დაგავიწყდეთ, შენიანს თუ უმოწყალოდ ექცევი, სხვას ვერ შეიყვარებ!
და როცა "ბარამბოს" რედაქტორის ბოროტებისაგან შეცვლილ სახეს შევხედე, ყველაფერს მივხვდი! კონკიას დები გამახსენდა - გამწარებულებმა ბროლის ქოშს რომ ვერ მოურგეს ფეხი! იციან, გრძობენ, ვინ არის ამ ქოშის ჭეშმარიტი მფლობელი და შხამიან ოფლში იწურებიან! იციან და პირველად რეალურად ხვდებიან, რა უბადრუკი დასასრული ელით მათ.
მეც ვიცი, არა, მჯერა, არა, მწამს - ადრე თუ გვიან - ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველო და ღიმილით მოირგებს იმას, რაც მას ასე უნამუსოდ წაგლიჯეს დედინაცვალმა და მისმა ნეობოლშევიკებმა,“- წერს რობერტ სტურუა „ფეისბუქში“.
რობერტ სტურუას მიერ დაწერილ ამ კომენტარებს წინ შემდეგი ამბები უძღვოდა: 16 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა მისმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერვიუში სტურუამ მიხეილ სააკაშვილზე ასეთი რამ თქვა - „სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?“
ფაქტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. მედიის ყურადღება კი ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა დაიმსახურა: „ვინც ამ ინტერვიუს შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს. სრული კი არა, დეგრადირებული სირია(!)“.
tribuna.ge
