შინაგან საქმეთა სამინისტროს გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია მედიაში დილიდანვე გავრცელდა. თუმცა, თავდაპირველად, შსს-მ ფაქტი არ დაადასტურა - როგორც ჩანს, სათქმელი კარგად უნდა გააზრებულიყო - ვასილ სანოძე ის პირი არაა, რომელიც უბედური შემთხვევის მორიგ მსხვერპლად შეიძლება იქნას აღქმული და როგორც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს.
გაზიარება
[გვანცა გიორგობიანი. 15:22 04-05-2011]
რაღაც დროის განმავლობაში შსს დუმილის უფლებას კი იტოვებდა, მაგრამ დილიდანვე ღუდუშაურის კლინიკის ეზო შსს-ში მაღალჩინოსნები იყვნენ მობილიზებული, დაცვის ზომები კი იმდენად იყო გაძლიერებული, რომ ”ინტერპრესსნიუსის” ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში ფეხმოტეხილი არასრულწლოვანი პაციენტიც არ შეუშვეს.
გარდა ამისა, საავადმყოფოს ეზოში დილიდანვე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურების მაღალჩინოსნები – კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის თბილისის სამსახურის უფროსი, კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოსო თოფურიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და სხვები. მოგვიანებით კი, კლინიკაში პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე, სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიას მოადგილე გიორგი გამსახურდია მივიდნენ, რომელთაც ფეხდაფეხ მიყვნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
ასე რომ, ინფორმაციის დამალვა შუძლებელი გახდა და მოგვიანებით, შსს-მ კეთილი ინება და პასუხის ღირსი გაგვხადა. შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და გვაცნობა, რომ ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა, იგი თავის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაახლოებით, 07.00 საათზე ღუდუშაურის კლინიკაში სანოძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
სანოძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის გვარიც ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. ასე რომ, დიდი ალბათობით, გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს სანოძის დაჭრის ფაქტსა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შორის. სხვათა შორის, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გამოტანილი განაჩენი უწოდა.
ლოგიკურად, ალასანიას შეფასებაში გადაჭარბებული არაფერია, რადგან გირგვლიანის საქმე შესაძლოა, მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, სამ თვეში გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი ხელისუფლებას საქმის ხელახლა გამოძიებას აიძულებს. ეს კი ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლება თავს ნამდვილად ვერ დაიძვრენს. ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, ძალიან მალე, მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდეს და სანოძეს საქმეს სხვა გაგრძელებაც ჰქონდეს.
როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, ვასილ სანოძის ფიგურა გირგვლიანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული პირი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ამ დანაშაულთან.
”სუფრა, სადაც კონფლიქტი მოხდა, იყო სანოძის მოწყობილი, საქმეში ჩართულია მისი მძღოლი, რომელიც გარეთ იმყოფებოდა, მოძრაობდნენ მისი ავტომობილით.
ხელახალი გამოძიების შემთხვევაში, თავდაპირველად ყველა, მათ შორის სანოძე, დაიკითხება მოწმის სტატუსით, ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში კი - მოხდება ბრალის წარდგენა”, - ამბობს შავგულიძე სააგენტო “ინტერპრესსნიუსთან” საუბარში.
სხვათა შორის, სანოძის გვარი აქტუალური კიდევ ერთხელ 2009 წელს გახდა, როდესაც აქციების დროს, ამ უკანსაკნელმა აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკები დაუშინა.
სანოძის დაჭრის ფაქტმა, ბუნებრივად გააჩინა ბევრი კითხვა და რაც მთავარია, საზოგადოება ეჭვით უყურებს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრი ეჭვობს, რომ სანოძეს, ან ესროლეს, ან თავის მოკვლა აიძულეს, მითუმეტეს, რომ ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად, სხვა ინფორმაციებიც გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სააგენტოები წერენ, ამ ვერსიას პირად საუბრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც არ გამორციხავენ, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდნენ.
სამოქალაქო მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია სანოძის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მცდელობას სანდრო გირგვლიანის საქმის გაგრძელებად აფასებს.
”გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ არ არის გამორიცხული, ხელისუფლების შიდა გარჩევებსა და ახალი მსხვერპლის ძიებას სწორედ სანოძე შეეწიროს. სანოძის დაჭრის ფაქტი ხელისუფლების შიდა გარჩევებს უკავშირდება. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმაზე ფიქრობს, თუ რა ვერსია დაასახელოს სანოძის ფაქტთან დაკავშირებით”, - განუცხადა ”პირWელს” ბესელიამ.
იგივე სააგენტოსთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს:
”სანოძის დაჭრის ფაქტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. როდესაც გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე - მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან, დამატებითი შეფასებების გაკეთება შემეძლება. თუმცა უკვე ახლა შეიძლება, ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში ამ საქმეში ხელისუფლების კვალია. ვასილ სანოძეს ძალიან დიდი ინფორმაცია გააჩნია და თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე, მას ამ ზომამდე ხელისუფლება მიიყვანდა. სანოძის აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნა გირგვლიანის საქმის გაგრძელებაა”, - განაცხადა კაკაბაძემ ”პირWელთან” საუბარში.
სხვადასხვა წყაროები იმასაც ავრცელებენ, რომ ვასილ სანოძე წუხელ რესტორან ”პურის სახლში” იმყოფებოდა. სუფრასთან, სხვა პირებთან ერთად, რამდენიმე ფრანგი სტუმარიც იყო და მათ რესტორანი, დაახლოებით, დილის 04:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს.
”ინტერპრესნიუსმა” ვასილ სანოძის მეზობლების კომენტარებიც გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მეზობლებს შუაღამისას ბინიდან ხმაური შემოესმათ, თუმცა იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ”მათ გაიგეს ყვირილის ხმა, შემდეგ კი, სადარბაზოში ხალხმრავლობა იყო. მოგვიანებით იქ მივიდნენ სამართალდამცველებიც. ამასთან, მეზობლები სანოძის თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.”
ვასილ სანოძის მეგობრები კი დარწმუნებულები არიან, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. სააგენტო ”პირWელთან” საუბარში სანოძის ერთ-ერთმა მეგობარმა (ანონიმურობის დაცვის პირობით) განაცხადა, რომ წუხელ სანოძე სახლში ნასვამ მდგომაროებაში დაბრუნდა, მარტოობით ისარგებლა და საკუთარი ტაბელური იარაღით თვითმკვლელობა სცადა.
”სანოძეს საფეთქლის არეში ტყვია მიბჯენით აქვს ნასროლი. მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ამ კუთხით ხელახლა დაწყებულ პროცესებს უკავშირდება”, -ამბობს წყარო, თუმცა კონკრეტულად, რა პროცესებზეა საუბარი და რა როლი ეკისრებოდა ყველაფერ ამაში სანოძეს, მას არ დაუკონკრეტებია.
ბოლო ინფორმაციით, ვასილ სანოძე ამჯერად, სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, თუმცა მალე მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” სანოძის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.