მთავრობის ანტიინფლაციური პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებით შემოიფარგლოს.
გაზიარება
[18:43 17-01-2011]
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პრეს-სამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი მთავრობის ანტიინფალციური პროგრამის შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "პირWელს" მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიინფალციური პროგრამის შექმნა მთავრობას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.
გასული წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.
გილაურის თქმით, ინფლაციური პროცესებისგან მოსახლეობის დასაცავად მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა.
"საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი ელექტროენერგიის 20-20 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად მოსახლეობას დავეხმარებით", - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობას დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
"20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციატივა დამტკიცდა, მზად ვიქნებით, რომ თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ", - აღნიშნა გილაურმა.
"პირWელი"