პირველკურსელმაც კი იცის, რომ ე.წ. შავი ფიარი მანკიერიაცაა და დასჯადიც. თუმცა, საქართველოში (მიხეილ სააკაშვილის დაუღალავი შრომის ფასად) შავი ფიარი ბატონობს. შავი ფიარი ბატონობს არა მარტო სახელისუფლებო, არამედ მოსყიდულ, ფსევდო-ოპოზიციურ მედიაშიც. სწორედ ასეთია გაზეთი „ვერსია“ და ამას რამდენიმე მაგალითით დავადასტურებ.
წერილი მაია ფურცელაძეს. „ვერსიის“ მთავარ რედაქტორს!
გაზიარება
[19:44 16-01-2011]
სულ ორიოდე კვირის წინ, უფრო ზუსტად 2010 წლის 27 დეკემბერს „ვერსიის“ ჟურნალისტმა ფრიდონ დოჩიამ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის დავით თარხან-მოურავისგან ინტერვიუ აიღო. რამდენიმე დღეში კი, გაზეთ "ვერსიაში" დაიბეჭდა სტატია, ასეთი სათაურით: “პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის“. პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს, არც კითხვის ნიშანი და არც ძახილის ნიშანი დასმული არ ჰქონია, ანუ გამოყენებული იყო მტკიცებითი ფორმა. მესამე გვერდზე კი, სადაც დოჩიას ინტერვიუ ვრცლადაა გამოქვეყნებული, იგივე სათაური კითხვითი ფორმით არის წარმოდგენილი: „პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის?“ ჟურნალისტებმა და ფიარის სპეციალიტებმა კარგად ვიცით: მედიაში როდის, რატომ და რა მიზნით გამოიყენება სათაურისა და ინტერვიუს შინაარსის აღრევის ხერხი. მოგეხსენებათ, ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს კითხულობს და ზოგჯერ მხოლოდ სათაურით ექმნება წარმოდგენა კონკრეტული თემის ირგვლივ. არასწორი წარმოდგენა იქმნება მაშინ, თუ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს არსობრივად ეწინააღმდეგება. მეორე- პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური, მყვირალა სათაური, როგორც წესი, ყოველთვის თანხმდება გაზეთის მთავარ რედაქტორთან. ამ პატარა დეტალზე ხაზგასმა იმისთვის დამჭირდა, რომ ჩემს კოლეგას, „ვერსიის“ მთავარ რედაქტორს მაია ფურცელაძეს პირველი შეკითხვა დავუსვა: მაია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური ეთიკაც და სტანდარტიც რომ დაარღვიეთ, ვერ ხვდებით?
დამაფიქრებელია ისიც, რომ სათაურის კონტექსტი ხელოვნურადაა დაკავშირებული როგორც წინააღმდეგობის მოძრაობასთან, ისე პაატა შევარდნაძესთან. კი, ბატონო გაქვთ ვერსია, რომ გვაფინანსებს ბატონი პაატა (ისე, თუ ძალიან გაინტერესებთ, შევარდნაძის ვაჟი არ გვაფინანსებს და თუ დაგვაფინანსებს მომავალში, ამის თაობაზე აუცილებლად ღიად გაცნობებთ) , მაგრამ თუ თქვენი რესპონდენტი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს, მაინც რატომ სტოვებთ უცვლელად სათაურს?!... პირდაპირ გეტყვით: ესაა ინფორმაციის დამახინჯებაა, რაც არაკეთილსინდიერი, დაკვეთილი ჟურნალისტიკისთვისაა დამახასიათებელი. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენი მოძრაობა ვანო მერაბიშვილთანაა კავშირში. ეს კი, რესპოდენტის დისკრედიტაციისათვის კეთდება. თუ ქალბატონ მაიას ეს არ ესმის, მეც ვეუბნეუბი: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვერსიით შენ და დოჩიას ეს სტატია სწორედ ვანო მერაბიშვილმა დაგიკვეთათ.
დღეს „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა ქალბატონ მაიას კომენტარისთვის დაურეკეს. მან კი, უპასუხა,- ორი თვის მერე რომ რეკავთ, აქამდე სად იყავით. ზუსტად ორი კვირა გელოდეთო. მგონი, ქალბატონ მაიას კალენდარი ეშლება. ჩვენი მოძრაობის შექმნიდან ერთი თვე არ გასულა, ხოლო სტატიის დაბეჭდვიდან ორი კვირა ძველ ახალ წელს დაემთხვა. თუმცა, არ მესმის მე რატომ უნდა დამერეკა „ვერსიის“ მთავარი რედაქტორისთვის? ანუ ქალბატონ მაიას ჰგონია, რომ როცა ფულს აიღებს და ამის საფასურად შეგვაფურთხებს, ჩვენ კი არ უნდა ვუპასუხოთ, არამედ დავურეკოთ და ,ალბათ, ბოდიშიც მოვუხადოთ.
ქალბატონო მაია, ახლა რომ ეუბნები „ობიექტივის“ ჟურნალისტებს,- ოცი წელია ვმეგობრობ ირმასთანო... ალბათ, ამ მეგობრობის გამოა, შენმა გაზეთმა წინააღმდეგობის მოძრაობის სადისკრედიტაციო ინტერვიუების სერიალი რომ შესთავაზა მკითხველს. 2011 წლის 12 იანვარს „ვერსიამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან. დააკვირდით ჟურნალისტის კითხვას. ციტატა:“ - მაგრამ ამ მოძრაობის უკან პოლიტიკოსები მაინც მოიაზრებიან და ამას თავად ადასტურებთ. როგორც ამბობენ, წინააღმდეგობის მოძრაობას პაატა შევარდნაძე აფინანსებს.“ ვინ ამბობს? რას ამბობს? და თუ ამბობს, „ვერსია“ დაუზუსტებელ „ვერსიებს“ რატომ უწევს ტირაჟირებას? არ გეჩვენებათ, რომ ჟურნალისტის შეკითხვაში ხელოვნურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან წინააღმდეგობის მოძრაობა და პაატა შევარდნაძე? რატომ ხელოვნურად? იმიტომ, რომ გაზეთმა „ვერსიამ“ ჩვენგან ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო პასუხი, რომ ბატონი შევარდნაძე არ გვაფინანსებს. თუმცა, მცდარი „ვერსია“ კვლავ ცოცხლობს. უფრო სწორად, გაზეთი „ვერსია“ აცოცხლებს. საკითხავია,- ნეტავ, რატომ? ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი კითხვასაც აღარ სვამს და გადაჭრით ასკვნის. ციტატა: “გამოდის, წინააღმდეგობის მოძრაობა ხელისუფლების შექმნილია, მით უმეტეს, ის კრებიდან წამოსული ხალხითაა დაკომპლექტებული“. დაუფიქრდით ამ ნიუანსს, რაც ნიუანსი ნამდვილად არ არის - ხელოვნურად გვაკერებთ ხან პაატა შევარდნაძეს, ხან- ვანო მერაბიშვილს... მაგრამ მე თავისმართლებას კი არა, ბრძოლას ვაპირებ თქვენთან და (თქვენი სახით) უსიდინდისო, უზნეო და გაყიდულ ჟურნალისტიკასთან.
მესამე მაგალითი- 2011 წლის 14 იანვარს გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან. ქალბატონი ნონა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველას ამბიცია აქვს. ლელიკო ჯაფარიძეს, ირმა ინაშვილს, სოსო მანჯავიძეს - ჩვენ „განაწყენებულთა ჯგუფი“ ვართ. მოკლედ, თემა ისე გრძელდება, რომ მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ ისმის გაურკვეველი ბრალდებები. ამას საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ჰქვია, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ასეთ შემთხვევაში მეორე მხარის კომენტარსაც იღებს.
2011 წლის 15 იანვარს გაზეთ „ვერსიის“ მთავრმა რედაქტორმა ქალბატონ მაია ფურცელაძემ “ობიექტივის“ კორესპონდენტთან შემდეგი კომენტარი გააკეთა. კომენტარი ვრცელია და მას უცვლელად გთავაზობთ:“ ირმა ინაშვილს თვითონ უნდა დაერეკა ჩემთვის და არა დოჩიასთვის, შაშიაშვილისთვის და ნახევარი საქართველოსთვის. ახლა რომ მთხოვთ კომენტარს, ორი თვის შემდეგ ეს ეთიკურია, კოლეგიალურია?! მე თქვენ გელოდეთ ზუსტად ორი კვირის განმავლობაში. ორი კვირის შემდეგ თქვენ გააკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გავხდი იძულებული, რომ პრესით მომემართა თქვენთვის, თორემ მე არ ვარ ჩვეული ასეთ კონფლიქტებს. მითუმეტეს, ირმასთან და იმ ადამიანებთან, ვისთანაც წლების ურთიერთობა მაკავშირებს. თქვენ არ უნდა მირეკავდეთ მე. ამას გაიგებთ ოცი წლის შემდეგ, ოცი წლის წინანდელი მეგობრები, რომ მოგექცევიან ასევე. ამას ადამიანურად გეუბნებით, გასაგებია? ეს გადაეცით ირმას. კომენტარი გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც ეჭვი გაგიჩნდათ. ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია. როცა ეს ეჭვი გაგიჩნდათ, სუბორდინაცია უნდა დაგეცვათ იმიტომ, რომ გაზეთს ჰყავს რედაქტორი, რომელიც ყველაფერზე აგებს პასუხს, ანუ მე. აგეღოთ ტელეფონი, დაგერეკათ ჩამთვის და მე გიპასუხებდით. არ იყო საჭირო მივარდნები და საქმის გარჩევები შაშიაშვილებთან. ჯერ ჩემთან დაგერეკათ. მე სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია ინაშვილზე და ”ობიექტივზე”, გამოვაგზავნე ჟურნალისტი და გადავამოწმე. ასევე უნდა მოქცეულიყავით თქვენც. ახლა რომ მირეკავთ, დღეს რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს? ამიხსენით, გეკითხებით, დღეს რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს? ჟურნალისტებს შორის არსებობს რაღაც ეთიკური ნორმები, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, პირველ რიგში. ამ ყველაფერს მიხვდებით მაშინ, როდესაც ჩემხელა სტაჟი გექნებათ. ქალბატონ ირმას გადაეცით, რომ მე ამ ფორმით არ უნდა მელაპარაკებოდეს, ამას ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა მოითხოვს. ჯერ ჩემთან უნდა გაერკვია და მერე უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ახლა კარგად ბრძანდებოდეთ.“
არ დაგიმალავთ, მაია ფურცელაძის ამ პასუხმა ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ვიმეორებ- ქალბატონო მაია, თუ ჩემთან ოცი წლის მეგობრობაზე საუბრობთ, მაშინ მე კი არა, თქვენ უნდა დაგერეკათ ჩემთვის. თქვენმა გაზეთმა უხეშად დაარღვია როგორც ჟურნალისტური ეთიკა, ისე სტანდარტი და ახლა მე მელაპარაკებით კოლეგიალობაზე, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელია. დალოცვილო, ვიდრე კორესპონდენტს გამოაგზავნიდი და სტატიას დაბეჭდავდი (თან, ცილისმწამებლურ ბრალდებებს გაავრცელებდი), მანამდე თავად დაგერეკა და გეკითხა,- ვინ მაფინანსებდა... ვანო, თუ პაატა, თუ ორივე ერთად? მაგრამ არ დამირეკე და თვითონაც იცი, რატომ. დამკვეთის ინტერესი დაიცავი და არა კოლეგის ღირსება. ამიტომ ,ნება მიბოძე, დღიდან შენი გაზეთი არაკეთილსინდისიერ გამოცემაც მოვიხსენიო, როგორც „ობიექტივის“ ეთერში, ისე სხვა მედია-საშუალებებით. „სუბროდინაცია უნდა დაგეცვათ. იმიტომ, რომ გაზეთს ჰყავს რედაქტორი და ისაა პასუხისმგებელი ყველაფერზეო“,- მითვლი. მთავარი რედეაქტორი რომ ხარ და პასუხისმგებლობას არ გრძობ (არც კოლეგის და არც მკითხველის წინაშე), ამიტომ გეუბნები: შენი გაზეთი ბინძურ დაკვეთას ასრულებს. ეს დაკვეთა მხოლოდ სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესს ემსახურება და ამიტომაც გაზეთ „ვერსიას“ დღეიდან ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე (თქვენს სტილს გამოვიყენებთ) ვანოს გაზეთად მოვიხსენიებთ. ლოზუნგისაც შესაფერისს მოგისადაგებთ:“ გაზეთი „ვერსია“ ვანოს ბინძურ „ვერსიებს“ ავრცელებს. ნუ წაიკითხავთ და ნუ ენდობით „ვერსიას“, რომელიც ვანოსია!“ ღიად გეუბნები, რომ ამ კამპანიას დღეიდან ვიწყებ და თვეების მანძილზე გავაგრძელებ. „ობიექტივის“ საეთერო რესურსი აქტიურად მოხმარდება იმ ფსევდოჟურნალისტების მხილებას, რომლებიც ჟურნალისტის პროფესიას და ღირსებას ჩრდილს აყენებენ. ამიტომაა, რომ საზოგადოება აღარ გენდობათ. ჩვენ კი, პატიოსანი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის საშუალებას არ მოგცემთ! მთავარი რედაქტორი რომ ხარ და პასუხისმგებელი რომ ხარ, მეც ამ მთავარ საკითხში მაქვს შენთან პრეტენზია: სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა გაზეთის პირველ გვერდზე (კითხვის ნიშნის გარეშე) აბსურდული სათაური გამოგქონდათ? სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა შენი ( საგანგებოდ) შერჩეული რესპონდენტები ირმა ინაშვილს ლანძღავდნენ? სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა წინააღმდეგობის მოძრაობას ხელოვნურად აკერებდნენ ხან მერაბიშვილს, ხან შევარდნაძეს... საერთოდ, სადა ხართ? როგორია თქვენი მსოფლმხედველობა? როგორ გესმით წესიერება და ზნეობა? როგორ გესმით ჟურნალისტიკის არსი? რას ნიშნავს „სუბორდინაცია“? ანუ ჟურნალისტი თქვენს გაზეთში დამოუკიდებელი არ არის და შენ, მთავარი რედაქტორი ხარ, სტატიების ციკლის ავტორი, ასე უნდა გავიგო, თუ არა?... მოკლედ, სხვადასხვაგვარად გვესმის ჩვენ ჟურნალისტის პროფესიის არსი და მითუმეტეს,- მეგობრობა და კოლეგიალობა. ჩემი სათქმელი გითხარი. გვისმინე ყოველდღე, რადიოტალღაზე FM 105.0, სადაც „ობიექტივის“ ჟურნალისტები მსმენელს ყოველდღე გაუმეორებენ, რომ არ იყიდონ ვანოს გაზეთი „ვერსია“! არ დაუჯერონ ვანოს „ვერსიებს“. ჩვენი ვალია დავიცვათ მკითხველი ტყულისა და ბინძური ჟურნალისტიკისაგან და გპირდები, რომ ამას ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით გავაკეთებთ.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი და წინააღმდეგობის მოძრაოაბის დამფუძნებელი ირმა ინაშვილი. 2011 წლის 16 იანვარი. თბილისი.