ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია აქვეყნებს აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას წერილებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში დაიბეჭდა.
გაზიარება
[15:51 11-10-2010]
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქუთაისელმა მოსამართლეებმა მარინა სირაძემ, მარინა იმერლიშვილმა და მურთაზ კაპანაძემ მას მხოლოდ 6 თვით შეუმცირეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებიას და მოწმეების მტკიცებით კი, ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.
2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არც ერთ ჯერზე არ დასთანხმდნენ.
უახლოეს მომავალში საქმე თბილისის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.