საკონტაქტო პირები: გურამ როგავა (899 21 11 14) მარიკა კორკელია (855 14 15 11)
გაზიარება
[14:05 25-09-2010]
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 00:01 საათზე, განმუხურის მშვიდობის ხიდზე სამშვიდობო აქცია გაიმართება. ,,გადაძახილი მსოფლიოს“ - გრანდიოზული მასშტაბის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, დიზაინერი მარიკა კორკელია ამბობს, რომ ამ ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაანახოს, რუსული აგრესიის შედეგები და ამასთანავე, აფხაზ ერს შერიგებისკენ მოუწოდოს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ომის თემაზე შექმნილი კოსტიუმები. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებილი ადამიანები თეატრალიზებული აქციის უშუალო მონაწილეები გახდებიან. მათ თვალწინ უახლესი ისტორიის ერთერთი ტრაგიკული მომენტი გაცოცხლდება. სპეცეფექტებით ხიდზე შეიქმნება ომის იმიტაცია, ჩაქრება ლამპიონების შუქი. სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ქორეოგრაფიაზე ბაქარ ხინთიბიძემ იმუშავა, ღონისძიებაში მონაწილეობენ -თბილისის მოძარობის თეატრისა და ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები, ზუგდიდელი მოდელები. სამშვიდობო აქციას ელენე ფოჩხუას „ქართული ნანა“ დაასრულებს, მომღერალი სპეციალური ტექნიკის საშუალებით 6 მეტრის სიმაღლეზე ავა. კულმინაციური მომენტისთვის მარიკა კორკელიამ გრანდიოზული სიმაღლის კაბა შექმნა, რომელზეც ერთიანი საქართველოს დროშა იქნება გამოსახული.
27 სექტემბერს, ღამის ცას მშვიდობის სიმბოლო „ცის ფარნები“ დაამშვენებს, რომელსაც ცისკენ ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების სულის პატივსაცემად გაუშვებენ და ამ ჟესტით, ქართველი ხელოვანები აფხაზებს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. პროექტს ფინანსურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, იდეის ავტორებს განსაკუთრებული მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ გაუწია.