თბილისის საქალაქო სასამართლომ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის, სარჩელი არ დააკმაყოფილა 15 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.
გაზიარება
[ლანა ბერიძე. 04:00 16-10-2010]
რედაქცია, ჟურნალისტთან ერთად, პარაფსიქოლოგს ცილისწამებაში ადანაშაულებს, ამასთან, ხათუნა პაიჭაძე, მისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით, ლომაიასგან კომპენსაციას - 50 ათას ლარს - მოითხოვს.
კერძოდ, საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში" გასულ სიუჟეტს, სადაც გამოყენებული იყო ლომაიასთან ინტერვიუს ჩანაწერი და აუდიოჩანაწერი. როგორც, სასამართლო პროცესზე გაირკვა, აუდიოჩანაწერი ტელეკომპანიას ლომაიამ მიაწოდა.
კომენტარში ლომაია "კვირის პალიტრას" სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. აუდიოჩანაწერში კი, თითქოს, ხათუნა პაიჭაძე მას ფულს სძალავდა.
რედაქციას მიაჩნია, რომ ამ ინფორმაციამ გაზეთის „საქმიანი რეპუტაცია შელახა".
15 ოქტომბერს გამართულ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ლომაიამ „კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ხათუნა პაიჭაძეს, ცილი მართლაც დასწამა, რადგან ხმა, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, ხათუნა პაიჭაძეს არ ეკუთვნის. ამის მიუხედავად, აღნიშნა მოსამართლემ, ჟურნალისტს იმდენი ზარალი არ მიადგა, რომ ლომაიამ მას 50 ათასი ლარი გადაუხადოს.
პროცესის შემდეგ „კვირის პალიტრის", საქართველოს ერთ-ერთი დიდ ტირაჟიანი გაზეთის, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.
„გაუგებარია მოსამართლის მოტივაცია, როდესაც ის ამბობს, რომ ხათუნა პაიჭაძეს ცილი მართლაც დასწამეს, მაგრამ მას ზარალი არ განუცდია", თქვა კორძაძემ.
"ირაკლი ლომაიას ბრალდება, თითქოს, გაზეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს ფულს სძალავდა, გავრცელდა 8-საათიანი "ქრონიკით" და არა რომელიმე რაიონული გაზეთით, რამაც "კვირის პალიტრის" საქმიან რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა",- დასძინა ადვოკატმა.
უფრო ადრე, 8 ოქტომბერს გამართულ პროცესზე, ირაკლი ლომაიას ადვოკატებმა "კვირის პალიტრასა" და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ხელის ჩამორთმევისკენ მოუწოდეს.
"მე, მოგიწოდებთ, რომ საქმე მორიგებით დასრულდეს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და სარჩელი გავიწვიოთ",- მიმართა ლომაიას ადვოკატმა თემურ ტაბატაძემ მომჩივან მხარეს. ამასთან, მან დასძინა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის წინააღმდეგ შეტანილი დაუსაბუთებელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ თემურ ტაბატაძის თქმით, ირაკლი ლომაიას მართლაც ეგონა, რომ მას ხათუნა პაიჭაძე ესაუბრებოდა, რადგან ფულს მისი სახელით და გვარით სძალავდნენ.
media.ge