გაზიარება
[00:08 16-06-2010]
"ალიანსი საქართველოსთვის" შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან.
ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "ბარიერში" განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ "ალიანსში" შემავალი პარტიები ერთმანეთთან ალიანსურ ურთიერთობაში აღარ იქნებიან.
მისი თქმით, ალიანსში შემავალმა პარტიებმა საინტერესო ერთი წელი განვლეს და პირადად ირაკლი ალასანიასთვის ეს ერთი წელი, დიდი გამოცდილების შემძენი იყო. ალასანიას განცხადებით, ალიანსში შემავალმა პარტიებმა შეაფასეს განვლილი ერთი წელი და შეაფასეს ის პრობლემებიც, რამაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტი წარმატება ვერ მოუტანა.
"ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი იყო ის, რომ პოლიტიკური მანქანა ისეთი ვერ ჩამოყალიბდა, როგორიც გვინდოდა", – განაცხადა ალასანიამ და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში შემავალმა პარტიებმა საკუთარი პარტიული რესურსების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.
მისივე განცხადებით, ალიანსში შემავალი პარტიები ურთიერთობის ახალ რეჟიმზე გადადიან და არსებული ფორმით ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. ალასანიას თქმითვე, აღნიშნული პარტიები ერთმანეთთან კორდინაციაში იქნებიან, მაგრამ აღარ იქნებიან მჭიდრო ალიანსურ რეჟიმში, შემდეგი არჩევნებისთვის კი ეს ოთხი პარტია, ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.
IPN