ირაკლი ალასანიას გამარჯვებაში სამი ფაქტორი უშლის ხელს: ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ოპოზიციის სხვა ლიდერების ამბიციები და საკუთარი პოლიტიკური სისუსტე.
ჩუღურეთში, ლონდონის სკვერში მერობის კანდიდატთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას 40-მდე თბილისელი ელოდებოდა. ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია, რომ ალიანსის ლიდერი უკვე მოვიდა და შეხვედრაც დაწყებულია. ისინი ერთმანეთთან საუბარში გაერთენ, ღორის გრიპსა და ალასანიას შესახებ "რეალ ტვ"-ის ეთერში გასულ სიუჟეტებზე მსჯელობდნენ.
პირველი კითხვა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს ჩუღურეთში დაუსვეს, აფხაზეთს ეხებოდა. კითხვის ავტორმა ირაკლი ალასანიას უთხრა: "როცა თქვენ გხედავთ, აფხაზეთი მახსენდება და არა თბილისი".
რას აპირებს თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში; როგორ ხედავს რუსეთთან ურთიერთობას; რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას; რატომ იდგა იგი აპრილში ნინო ბურჯანაძის გვერდით; ხომ არ აჯობებდა, რომ მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობდეს და არა ნიუ-იორკში - მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს ყველაზე ხშირად ამ კითხვებს უსვამდნენ.
მოქალაქეებმა ბეჯითი, დინჯი და ზრდილობიანი პასუხები მიიღეს. ალიანსის ლიდერი ყველა კითხვას ერთსა და იმავე, დაბალ ტონალობაში პასუხობდა ისე, რომ მისი ხმა მხოლოდ მათ ესმოდათ, ვინც ალასანიასთან ახლოს იდგა.
"შენ მაგაზე არ იდარდო, ამდენი ქარიზმა ამოვიდა ყელში, შვილო. ზუსტად შენნაირი გაწონასწორებული პრეზიდენტი გვინდა. შენი იმედი გვაქვს", - უთხრა ჩუღურეთში შეხვედრაზე ალასანიას ერთ-ერთმა ქალბატონმა.
დიდი შანსია, ეს არჩევნები ალასანიასთვის გადამწყვეტ გამოცდად იქცეს, რადგან მას ბევრად მეტი პოლიტიკური ამბიცია აქვს, ვიდრე თბილისის მერობაა. ამ ეტაპზე კი ალიანსის ლიდერი დაბრკოლებების დაძლევის პოტენციალს ვერ ავლენს.
ჩუღურეთის ბაღში მისულმა რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ ინფორმაცია მათ უბანში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მეზობლისგან შეიტყო, მეზობელმა მაღაზიის გამყიდველისგან, მან კი ალიანსის აგიტატორისგან, რომელიც ამავე უბანში ცხოვრობს.
სამი ნაციონალური ტელეარხი ინტენსიურად აშუქებს ალასანიას მთავარი კონკურენტის, ქალაქის მოქმედი მერის საარჩევნო კამპანიას, რომელიც ზაფხულიდან დაიწყო. ღორის გრიპის ეპიდემიის დამარცხება, ჟურნალ "ცისკრის" გამოცემის განახლება, მწერლებისთვის "მწერალთა კავშირის" შენობის დაბრუნება - ყველა პოპულარულ და მნიშვნელოვან საქმეს გიგი უგულავა პირადად კურირებს. ბოლო რამდენიმე თვეა, იგი მწვავე პოლიტიკურ დებატებში აღარ ერთვება, უგულავა არასოდეს საუბრობს კონკურენტებზე, მათ შორის - არც ალასანიაზე. ის ამომრჩევლისთვის მხოლოდ სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეებთან ასოცირდება. სახელისუფლებო კანდიდატის ხელშია ძლიერი ადმინისტრაციული მექანიზმები - მერია თითქმის ყოველდღე იწყებს ახალ პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც, მზრუნველი მერი თითქმის ყველა თბილისელის ოჯახში შედის. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი უფრთხილდება და მოხერხებულად ინარჩუნებს კიდეც იმ ელექტორალურ უპირატესობას, რომელიც საგაზაფხულო კრიზისის დაძლევის შემდეგ მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
თბილისელები ოპოზიციისგან ცალსახად ითხოვენ არჩევნებში მონაწილეობას. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იაგო კაჭკაჭიშვილი ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 80%-მდე გამოკითხული მოქალაქე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ქუჩის აქციების ნაცვლად, არჩევნებში ბრძოლას ურჩევს. "ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდეს", - ამბობს იგი.
ამ ფონზე, ლევან გაჩეჩილაძის მოულოდნელი განცხადება, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და გაზაფხულიდან საპროტესტო აქციების მესამე ტალღას იწყებს, თითქოს დინების წინააღმდეგ ცურვას ჰგავს ან ამომრჩევლის დაბნევის მცდელობას. თბილისელების გახლეჩა ორ ნაწილად - ვინც არჩევნებზე მიდის, და ვინც ბოიკოტს აცხადებს - მნიშვნელოვნად შეამცირებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, რომ გაჩეჩილაძის ინიციატივა წინასაარჩევნოდ არა მმართველ პარტიას, არამედ ალასანიას დააზიანებს. სწორედ ამიტომ ცენტრალურმა ტელეარხებმა გაჩეჩილაძის საგანგებო პრესკონფერენციას მთავარი საინფორმაციო გამოშვებების პირველი და ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს.
იმავე სიუჟეტში გაჩეჩილაძის გეგმას მხარდაჭერა ნინო ბურჯანაძემაც გამოუცხადა. "ლიბერალთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ხალხი ქუჩაში უკვე იანვრის ბოლოსთვის გამოვა.
"მერი ვერაფერს გააკეთებს. ცვლილებები სათავედან უნდა დაიწყოს", - აცხადებს ბურჯანაძე. "სათავედან" ცვლილება იყო 2009 წლის აპრილის საპროტესტო აქციების მთავარი ლოზუნგიც, როცა ბურჯანაძე ავანგარდში იდგა და, სწორედ ამ აქციების უშედეგოდ დასრულების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
ალიანსი საარჩევნო ბრძოლებში გამოწრთობილ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აგებს, და ვერც ოპოზიციას არწმუნებს, რომ მისი გამარჯვება საერთო გამარჯვება შეიძლებოდა გამხდარიყო.
"რა შესთავაზა ალასანიამ დანარჩენ ოპოზიციას? რეალურად - არაფერი. საერთო კანდიდატზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მან საკუთარი თავი სხვებთან შეუთანხმებლად დაასახელა - მერობის, სუბარი კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მას დანარჩენი ოპოზიციისთვის რაიმეს დათმობის გარეშე უნდა, გახდეს ერთიანი კანდიდატი. ალასანიას წესებით თამაშის შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა", - წერს "ლიბერალის" მე-14 ნომერში ლევან რამიშვილი "თავისუფლების ინსტიტუტიდან".
"ჩვენ არ ვებრძვით ოპოზიციას, ჩვენ ვიცით, ვის ვებრძოლოთ", - ამბობს სოზარ სუბარი. მაგრამ, ვიდრე საქმე ხელისუფლებასთან ბრძოლამდე მივა, ალიანსმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ირაკლი ალასანიას გუნდი დანარჩენ ოპოზიციასთან ან სერიოზულ კომპრომისზე უნდა წავიდეს (მაგალითად, დათმოს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა) ან მათთან მკაფიო გამიჯვნით ოპოზიციური ელექტორატი უნდა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლების დასუსტების ერთადერთი გზა არჩევნებში ალასანიას და სუბარის გამარჯვებაა. პირველი გზის არჩევაში ალიანსს საკუთარი ამბიციები შეუშლის ხელს, მეორე გზა კი ისეთ პოლიტიკურ გამბედაობას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც ალიანსს არ აქვს.
[სოფო ბუკია, "ლიბერალი"]