წამყვანმა ჟურნალისტებმა ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" დატოვეს. კორესპონდენტები გაზეთიდან პროტესტის ნიშნად წავიდნენ. ჟურნალისტები თამილა გურაშვილი და ბესიკ გულაშვილი დედოფლისწყაროში არსებულ აუტანელ ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ გაზეთში მუშაობა ზეწოლების გამო შეუძლებელი გახდა:
,,აბსოლუტური სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და ამ მხრივ არანაირი შეზღუდვები არ გქონია. ამ გადაწყვეტილებამდე დედოფლისწყაროში არსებულმა განუკითხაობამ მიგვიყვანა. შვილებითაც დაგვემუქრნენ, საარსებო თანხების გადაკეტვა საიდანაც შეეძლოთ ყველა გზა ჩაგვიკეტეს. აუტანელი ზეწოლის, ირონიისა და დამცირების ქვეშ გვიწევს მუშაობა. ყველაფერმა ძალიან დაგვღალა. აღარ გვინდა, სიმართლის თქმისთვის ზიზღით გვიყურებდნენ. მიგვაჩნია, რომ დედოფლისწყაროში მედიასთან ურთიერთობის კუთხით ძალიან დაბალი დონეა და არ გვაქვს უსაფრთხო გარემო. მუშაობით ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეში ვაგდებთ, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ჟურნალისტიკა დავტოვოთ``.რედაქციის დატოვების თხოვნით მარტყოფლიშვილს კიდევ ორმა თანამშრომელმა, მაია მაძღარაშვილმა და გიორგი მარჯანიძემ მიმართეს."ქიზიყის" მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ მასსა და მის თანამშრომლებზე ზეწოლებსა თუ გადაბირებების მცდელობას მასიური სახე აქვს, თუმცა ჟურნალისტების გაზეთიდან წასვლა მისთვის მოულოდნელი იყო. ,,ვერ გეტყვით... როგორ გავაგრძელებთ არ ვიცი, სულ მალე ჩვენი საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელობას შევხვდები და სამომავლო გეგმებს დავსახავთ. თუმცა, ამჟამად იმის თქმა შემიძლია, რომ ქიზიყს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, რადგან, სამწუხაროდ რედაქცია ძირითადმა ბირთვმა დატოვა. ამ ეტაპზე აღარ გვაქვს ის რესურსი, რომელიც ახალი ამბების მოგროვებაზე ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად იმუშავებს...