16:25 11.07.2012
ჟურნალისტისა და უფლებადამცველის კოტე ინაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქსნის N15 დაწესებულების 700-მდე პატიმარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც ისინი სახალხო დამცველს ციხეში უკანონო ქმედებების შესახებ ატყობინებდნენ, მათზე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა. როგორც კოტე ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ობიექტივი“ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია გარდაცვლილი, რომელთაც ციხეში წამების ფაქტების მამხილებელ განცხადებაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი.
„ფაქტის მიჩქმალვის მიზნით შესაძლოა პატიმართა ცხედრები ქსნიდან სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილონ.
მოგმართავთ ყველას, თუ ფლობთ ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, ან თქვენს ქალაქსა და რაიონში პატიმარს ჩამოსვენებენ აუცილებლად დაგვიკავშირდით მედია–კავშირ „ობიექტივში“ და შეგვატყობინეთ. უკანასკნელ პერიოდში, ციხეებში, ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლების მიერ მოკლულ პატიმართა რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა.
იმედია სამართალი იზეიმებს და ციხის ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლები, რომლებიც პატიმართა წამებაში და მკვლელობაში იღებენ მონაწილეობას სათანადოდ დაისჯებიან“, – განაცხადა კოტე ინაშვილმა.

