ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:30 19.11.2011
სვანეთში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ, პატრიარქის მიმართვის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ კომისიაში განხეთქილებაა.
კომიიის 7 წევრიდან ერთი ადამიანი ხელს არ აწერს იმ შუალედურ დასკვნას, რომელიც კულტურის სამინისტრომ თავის ვებგვერდზე, ამ მისამართზე http://www.mcs.gov.ge/topicdetals-2.894.html გამოაქვეყნა.
იმას, თუ რა აძლევს “ობიექტივს“ ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველს, ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი, მესტიაში დაცული საქართველოს საგანძურის უსაფრთხოდ დაბინავებას არ ჩქარობენ , მათ დრო გაჰყავთ. საგანძური კი 28 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, სახელდახელოდ შეკრულ ე.წ. კონტეინერებშია, რომლის გარშემო სამშენებლო ნაგავია, უკანა მხარეს კანალიზაციის მილია გამსკდარი და გვერდით ორი ტუალეტი აქვს მიდგმული.
18 ნოემბერს, თბილისის აეროპორტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-სა და მისი თანმხლები პირების მოსკოვში გამგზავრების წინ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სვანეთში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, საპატრიარქო ხელისუფლებას კვლავ შეახსენებს იმას, რომ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას უთმობს მუზეუმს, როგორც საცავს, სადაც სიწმინდეები იქნება დაბინავებული ახალი მუზეუმის აშენებამდე.
ამასთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება მესტიაში მონახავს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე უკეთეს შენობას, საპატრიარქო საგანძურის იქ გადატანის წინააღმდეგი არ იქნება, “მაგრამ აუცილებელია, რომ საპატრიარქოში შექმნილმა კომისიამ მონაწილეობა მიიღოს და ამ კომისიის ყურადღების და ზედამხედველობის ქვეშ მოხდეს ეს“.
ასევე შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე საჩივარი შეიტანეს, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომელშიც აღნიშულია:
“საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ან განადგურებისაკენ მიმართულ მოქმედებებს.
... გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაიწყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
იმას, რომ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ კომისიაში განხეთქილებაა, ადასტურებს ჩვენს ხელთ არსებული ორი დოკუმენტი. კერძოდ, კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 14 ნოემბრით დათარიღებული სპეციალური განცხადების თანხმლები, შვიდგვერდიანი ბმული - “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის N112 მომართვის საფუძველზე შექმნილი კომისიის შუალედური დასკვნა“ და კიდევ, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც 28 ოქტომბრითაა დათარიღებული.
ეროვნულ მუზეუმში შექმნილი შვიდკაციანი კომისიიდან, კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომისიის შუალედურ დასკვნას ხელს აწერს კომისიის 6 წევრი: ნინო კალანდაძე - რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი; რუსიკო ქოჩქიანი - სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კონსერვატორი; თემურ შარიქაძე – კოლექციების (ფონდები) დაცვა-აღრიცხვის და მართვის სამსახურის მენეჯერი; სალომე გურული – ინტერდისციპლინარული პროექტების მართვის სამსახურის მენეჯერი; ნინო კიტოვანი – უფროსი რესტავრატორი და დარეჯან გოგაშვილი – უფროსი რესტავრატორი.
კომისიის მეშვიდე წევრმა, ნანა ბურჭულაძემ შუალედურ დასკვნას ხელი არ მოაწერა. მან 1-3 ნოემბერს, მესტიაში ყოფნისას თავისი შეხედულება მკაფიოდ გამოხატა, რომელიც ზემოხსენებულ შუალედურ დასკვნასთან წინააღმდეგობაშია. ნანა ბურჭულაძის მიერ გამოხატული პოზიცია, ჩაწერილი გვაქვს და ჩვენს არიქვში ინახება.
თუ ჩვენი მკითხველი, ან რომელიმე მედიასაშუალება ზემოხსენებული დოკემენტებით დაინტერესდება, მათი ასლი “ობიექტივის“ ოფისში ინახება და სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია წარმოგიდგინოთ.
"ობიექტივი"
