
მთავრობის თავმჯდომარეს სიტყვა დამთავრებული არ ქონდა როცა “ჩატეხილი ხიდი”-ს პირველი აღმდგენელი ვინმე რამაზ ლაკერბაია გამოჩნდა და ბარამიას თავშესაფარი სთხოვა. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს გამოდის და “გმირს” წაღმა-უკუღმა ატრიალებს. ლაკერბაიას შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა... და რატომ არ მოხდა ამაზე “ალიას” სამეგრელოში მოღვაწე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ესაუბრება.
ილია ჩაჩიბაია:
-სად არის ეს პიროვნება?
-არავინ იცის. როგორც მოულოდნელად გამოჩნდა ისევე მოულოდნელად გაქრა, ვინ და სად წაიყვანა, არავინ იცის. მოვიძიეთ შემდეგ, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად მივაგენით. ეს იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, თუ რეალურად მოითხოვს ადამიანი თავშესაფარს ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ქონდეს, მაგრამ რატომ უნდა დგამდნენ ოფიციალური სტრუქტურები სპექტაკლებს ეს არ მესმის. ბარამია შეჰპირდა იმ კაცს საქართველოს მოქალაქეობასაც და მისი ოჯახის დაცვასაც, სადაა შედეგი? როგორ იცავენ აფხაზეთში ქართველებს ეს მაინტერესებს ძალიან. წინასწარ იცოდა რა თქმა უნდა ბარამიამაც ვიღაცა რო უნდა `“ადმოსულიყო საზღვარზე“...
-ფული გადაუხადეს? რას ამბობენ ზუგდიდში?
-რა თქმა უნდა... ძალიან უჭირს ხალხს და ნებისმიერი პიროვნება დათანხმდება ასეთ სამუშაოს. თან ხომ არ გგონიათ რომ ბევრს გადაუხდიდნენ? ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ 100 ლარიც საკმარისი იქნებოდა ისეთი გაუბედურებული კაცისთვის როგორიც ის იყო... საერთოდ ძალიან მაინტერესებს ბარამია როგორ თანამშრომლობს ქირიასთან. ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი ლალი ანთია რაულ ქირიას მისი მკვლელობის მოწყობაში ადანაშაულებდა. ქირია იყო საინფორმაციო სააგენტოს „info news georgia“-ს რედაქტორი, რაც ეკუთვნოდა მაშინდელ პარლამენტარს ნაზი არონიას. ძალიან ბევრ სიბინძურეს ჩადიოდნენ ამ სააგენტოში, ებრძოდნენ გოროზიას იმიტომ რომ არონიას უნდოდა მისი ადგილი. ჩემი გამოყენებაც სცადეს და თუ გოროზიას წინააღმდეგ პრესკონფერენციას ჩავატარებდი გარკვეულ თანხაზე საუბრობდნენ. მე რა თქმა უნდა არ დავთანხმდი, შეკვეთით ვერ გავილაშქრებდი გოროზიას წინააღმდეგ, თორემ ისე კი იცით რომ უკან არასდროს დამიხევია და თუ ვინმეს დევნის გოროზია ერთ-ერთი მეც ვარ. აფხაზეთში არჩევნების დროს ვითომ ავტობუსი რომ დაიწვა, ეს სცენარიც რაულ ქირიას და ემა გოგოხიას ეკუთვნით. ქირიაა ჩართული ზუგდიდში პოლიტიკური კოლეჯის წართმევის საქმეში, ეს კოლეჯი როგორც იქაური ადმინისტრაცია ამბობს უნდათ გოროზიას, ქირიას და უგულავას.
ილია ჩაჩიბაიასთან საუბრის შემდეგ „ალია“ დაუკავშირდა რაულ ქირიას:
თუ დავუჯერებთ ქირიას, ბევრი მსურველი უკვე გადმოვიდა ნაციონალურ საქართველოში, თუმცა სხვები დაპიარების გარეშე დააპურ-დაასახლეს ნაციონალებმა. რაც შეეხება ლაკერბაიას, ქირიამ არ იცის დაასახლეს თუ არა ეს კაცი სადმე, ხოლო აფხაზეთში დარჩენილ მის ოჯახს თურმე საერთაშორისო ორგანიზაციები მიხედავენ. ესეც ნაციონალური “შტუკა”... და ბოლოს, “ალიას” რაულ ქირია დაპირდა რომ ლაკერბაიას კოორდინატებს დაუდგენდა. თუკი ამას ქირია მოახერხებს “ალია” აუცილებლად შემოგთავაზებთ ლაკერბაიასთან ინტერვიუს.