სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომისიის მონაცემებით, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ფრენისას ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ამასთან, კომისიის განმარტებით, გრძელდება შავი ყუთების ჩანაწერებში დაფიქსირებული ფრენის პარამეტრების ანალიზი. საინჟინრო-ტექნიკური ქვეკომისიის მუშაობის შედეგები კი, პოლონელ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს.
"ფრენის დროს ტექნიკის მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნები არ არის", - ნათქვამია საავიაციო კომისიის განცხადებაში.
ამჟამად რუსი და პოლონელი სპეციალისტები იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურის გამოკითხვას აწარმოებენ, რომელიც სმოლენსკში ლეხ კაჩინსკის თვითნფრინავის კატასტროფამდე დაჯდა. ასევე, მიმდინარეობს აეროდრომის რადიოტექნიკური და სასიგნალო აღჭურვილობის მუშაობის შეფასება.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა დაფრენის მეოთხე მცდელობისას განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.