18:26 04.08.2011
თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ივლისში ხელფასის გათანაბრებული პრემია მიიღეს ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და მათი სამსახურების თანამშრომლებმა. პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიების გაცემის შესახებ დადგენილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #88 განკარგულებით მიიღო. ზუგდიდის საკრებულოს 29 თანამშრომელზე პრემიის სახით ივლისში 16 ათას 990 ლარი გაიცა. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2360 ლარი, ხოლო მისმა მოადგილემ გრიგოლ სხულუხიამ 1100 ლარის ოდენობის პრემია მიიღო.პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიები გამგეობის სამსახურებმა, ასევე სამხედრო აღრიცხვის სამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. ერთიანობაში გამგეობასა და მის სამსახურებზე გაცემულმა, ხელფასს გათანაბრებულმა პრემიამ 60 ათას ლარს მიაღწია. აქედან გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ ივლისში 2360 ლარის პრემია მიიღო, რაც მისი ყოველთვიური სარგოს იდენტურია.
პეტრე-პავლობის და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემიები მიიღეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა. მათი პრემიის ოდენობა 400 ლარშს შეადგენდა, რაც ერთიანობაში 12 ათას ლარია.
livepress.ge
