უჩა გოდელაძის გარდაცვალების მიზეზებზე ქარელში დღესაც ბევრს საუბრობენ. ერთმანეთში მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ირევა. პირველი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთია“. მის ვებ-გვერდზე, 22 სექტემბრით დათარიღებული ნიუსი აღმოვაჩინეთ. ტელეკომპანია პირდაპირ აცხადებს, რომ გოდელაძე სამართალდამცველებმა მოკლეს.
სრულად ვაქვეყნებთ „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „ბათუმში კანონიერი ქურდი უჩა გოდელაძე მოკლეს. 35 წლის უჩა გოდელაძის ცხედარს ქარელში დღეს ჩამოასვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი წუხელ გვიან ღამით ბათუმში მოკლეს. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები მას ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, გოდელაძე „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ადგილობრივების ცნობით, ამ დროის განმავლობაში იგი საზღვარგარეთ იყო გაქცეული. გუშინ კი პოლიციამ მისი დაკავება იმ დროს სცადა, როცა თურქეთის მხრიდან საქართველოსკენ საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა“.
ანალოგიური ინფორმაცია ანალოგიური ფოტოს დართვით იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუს.გე“-ზეც ჩნდება. ტექსტი იდენტურია. სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობები მომდევნო დღეს გაზეთმა „რეზონანსმაც“ გამოიყენა.
ინფორმაციის გავრცელების ავტორის ვინაობის გარკვევა არ გაგვჭირვებია. ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტს, ლადო ბიჭაშვილს ჩვენთვის არაერთხელ უთქვამს, რომ „ექსპრესნიუსთან“ თანამშრომლობდა და „მხოლოდ ექსკლუზივებზე მუშაობდა“.
აღსანიშნავია, რომ ლადო ბიჭაშვილის დეიდაშვილი, ნინო ქიტუაშვილი, რომლის ოჯახშიც ბიჭაშვილი ცხოვრობს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსია. „ეგ ინფორმაცია აღარ მახსოვს, როგორ გავრცელდა. როგორც ვიცი, მოსახლეობამ დაგვირეკა და იმის მიხედვით, გავაშუქეთ“, - გვითხრა ლადო ბიჭაშვილმა.
ჩვენი საუბრიდან ორი დღით ადრე ბიჭაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ, ბადრი ნანეტაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად (მენეჯერად) დანიშნა. ჩვენც „თრიალეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით განსაკუთრებით იმიტომ დავინტერესდით, რომ მის ავტორს გარკვეული კავშირები აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის - შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლებთან.
„თრიალეთის“ მტკიცებით, უჩა გოდელაძე ბათუმში იმ დროს მოკლეს, როცა თურქეთიდან საზღვარზე გადმოდიოდა. სინამდვილეში, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტმა“ ღუდუშაურის კლინიკიდან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, უშანგი გოდელაძე 21 სექტემბერს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ბათუმში კოლეგებს - გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს დავუკავშირდით. ჟურნალისტმა ნათია როყვამ თვითმხილველებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ უჩა გოდელაძე ბათუმში რესტორან „აჭარულ სახლთან“ დააკავეს. „კანონიერი ქურდი“ საზღვრის გადაკვეთის გამო რომ არ მოუკლავთ, ამას ბათუმის სასამართლოდან მოპოვებული აღკვეთის ღონისძიების დადგენილებაც ადასტურებს. ეს დადგენილება ასევე უტყუარი მტკიცებულებაა, რომ გოდელაძე დაკავებისას სამართალდამცავებს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა. დოკუმენტით ისიც ირკვევა, რომ უჩა გოდელაძე 15 სექტემბერს დააკავეს. დაკავებიდან სიკვდილამდე სამართალდამცავებმა ოჯახის წევრებს ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი არც კი გააგებინეს. ოჯახმა მხოლოდ გადმოცემით გაიგო, რომ უჩა გოდელაძე პოლიციამ დააკავა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქალაქო სასამართლომ უჩა გოდელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდა. სავარაუდოდ, პატიმარი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან იმავე დღეს - 18 სექტემბერს თბილისში, მე-7 საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში ჩამოიყვანეს. მე-7 საპყრობილიდან კი 19 სექტემბერს ღუდუშაურის კლინიკაში მრავლობითი ტრამვებით მიიყვანეს.
აჭარის საქალაქო სასამართლოს მიმართა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს გამომძიებელმა შოთა მამულაძემ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ოქმში ვკითხულობთ: „გოდელაძემ განიზრახა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა გოჩა მურადოვთან ერთად. იგი დაკავებულია ბათუმში - ანგისის დასახლება, იმედის ქ. #16-ში 2009 წლის 15 სექტემბერს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონოდ შენახვა-შეძენისთვის, ეჭვმიტანილის სახით“.
მოსამართლის ბრძანების ასლში წერია: „უშანგი გოდელაძე არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით „უჩა“, მართავს ქურდულ სამყაროს. გამოძიების ვერსიით, მან საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა გოჩა მურადოვთან ერთად განიზრახა. 14 სექტემბერს საკუთარი სიმბარათიდან დაუკავშირდა ნაცნობს, ქურდული სამყაროს ტრადიციების მატარებელ ვინმე მინდია კახიძეს და სთხოვა დახმარება, რომ მას და გოჩა მურადოვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებოდა. 14 სექტემბერს მინდია კახიძე დაუკავშირდა თავის დედას, ნინო კახიძეს და უთხრა, რომ მასთან სახლში ირაკლი გოგოლიშვილი მიიყვანდა სტუმრებს და უჩასთვის განსაკურებული ყურადღება მიექცია. უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი მინდია კახიძესთან შეთანხმებით და გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში. უშანგი გოდელაძე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის შეძენა-შენახვაზე დააკავეს, რომელსაც „შორტის“ მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში ინახავდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩხრეკისას მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა“.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ უჩა გოდელაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ჩააბარა სამართალდამცავებს. სამართალდამცავებმა კი ვერ უზრუნველყეს უჩა გოდელაძის სიცოცხლის შენარჩუნება. პატიმარის ცხედარი ისე მოხვდა „არამიანცის“ საავადმყოფოს მორგში, რომ მედპერსონალს გაუჭირდა ცხედრის ვინაობა გარკვევა.
ბათუმის პოლიციამ საზღვარი ბათუმში გადმოწია...
როგორც ცნობილია, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სავიზო რეჟიმი მოხსნილია და ჩვეულებრივ მოქალაქეებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლის შემაბრკოლებელი გარემოებები წესით არ ხვდება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს ბათუმის სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად კანონიერი იყო ქალაქის ცენტრში დაკავებული მოქალაქის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების წაყენება. დაკავების ადგილად ოფიციალურად ბათუმია დაფიქსირებული. აქ კი სამართალდამცავებმა გამოსავალს მიაგნეს. უჩა გოდელაძეს დიდი რაოდენობით ჰეროინი აღმოუჩინეს. თუმცა, როგორც სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა გვითხრა, სასამართლოზე დაკავებული აცხადებდა, რომ ჰეროინი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
ჩვენ ქარელში რამდენიმე მოსახლეს გავესაუბრეთ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია გარდაცვალებამდე უჩა გოდელაძის ძებნასთან დაკავშირებით. ,,მას დამალვა არც უცდია. მე როგორც ვიცი, გორის რაიონის სოფელ სკრაშიც იყო მისული ნათესავთან სამძიმარზე, ქობულეთშიც იყო და ბათუმშიც. ძებნილი თუ იყო, ასე როგორ ივლიდა?!“ - აცხადებს ქარელის მკვიდრი ნ. არხოშაშვილი.
მის სავარაუდო მკვლელობაზე ასევე გვესაუბრა პიროვნება, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელას ერიდება შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით: „რა უნდა ვთქვა?! მოკლეს ადამიანი ცემით. მთელი ქარელი იყო სამძიმარზე და არა მარტო ქარელის რაიონი. ვის რა დაუშავა უჩამ? რატომ იყო საშიში და თუ მართლა დასაჭერი იყო, დაეჭირათ! რატომ მოკლეს?!“
შემდეგ გარდაცვლილის ოჯახში მივედით და ოჯახის წევრებს გავესაუბრეთ.
„უჩა საქართველოდან მაშინ წავიდა, როცა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ახალი გამოსული იყო. ჩვენ ერთად დავტოვეთ ქვეყანა. იგი არანაირ დანაშაულს არ გაქცევია. ოფიციალურად გათავისუფლდა და ცხადია, ძებნილიც არ იყო“, - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ნინო გოდელაძე.
ჩვენთან საუბარშივე მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მრავალი აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა: „პრესაში დაიწერა, თითქოს ჩემი მეუღლე რაღაც მსხვილ ბიზნესს მართავდა და ფეშენებელურ სახლში ვცხოვრობდით. თუმცა, ჩვენთან და პირადად ჩემთან არავინ მოსულა. სხვა რომ არაფერი ვთქვა, ელემენტარულად ჩემი სახლი მაინც ენახათ, სად ვცხოვრობთ. ამის მეტი სახლი ჩვენ არ გვაქვს და თქვენ თვითონაც ხომ ხედავთ როგორ გამოიყურება. გაიარეთ ქარელში და ნახეთ, რამდენი სახლია ამაზე უკეთესი“.
ნინო გოდელაძე იხსენებს, როგორ შეიტყო ოჯახმა უჩას გარდაცვალების შესახებ: „არამიანცის პროზექტურიდან გაგვაგებინეს, რომ უჩას გვამი იყო მიტანილი. როგორც გავიგეთ, თავიდან 3 დღის განმავლობაში სხვა საავადმყოფოში ესვენა. „არამიანცში“ ცხედარი ჩვენმა ნათესავმა ამოიცნო. არ ვიცი, როგორ ან სად დააკავეს. გვამი საშინლად იყო დაზინებული“.
გარდაცვლილის მეუღლისგან შევეცადეთ, გაგვეგო, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში. თუმცა ნინო გოდელაძემ განგვიცხადა, რომ ასეთი დასკვნა ჯერჯერობით არა აქვს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა კი ოჯახს არ მოუთხოვებია და არც აპირებს.
„ვიცი, რომ სამართალს ვერ ვიპოვი. ვფიქრობ, არ ღირს არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება და არც ადვოკატის დაქირავებას ვაპირებთ. უჩას არაფერი ეშველება და შეიძლება, ჩვენც შეგვექმნას პრობლემები“, - გვითხრა ნინო გოდელაძემ.
რაც შეეხება გარდაცვალების ცნობას, ნინო გოდელაძის განმარტებით, საავადმყოფოდან გაცემულ ცნობაში სიკვდილის მიზეზი „უცნობია“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს იურისტი თეა თედლიაშვილი გაუგებრად მიიჩნევს გარდაცვალების მიზეზის გასაიდუმლოებას: ,,პიროვნება, რომელზეც თქვენ მოკვლევას აწარმოებთ, სავარაუდოდ, გარდაიცვალა ან ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, ანდა საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, არანაირად არ შეიძლება მისი გარდაცვალების მოწმობაში ეწეროს ეს ფრაზა - „გარდაცვალების მიზეზი უცნობია“.
ვის ინტერესებს იცავს სახაზინო ადვოკატი?!..
უჩა გოდელაძეს გარდაცვალებამდე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. მუხლი, რომლითაც მისი საქმე აღიძრა, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. წესით, დაკავებულისთვის უნდა შეეთავაზებინათ დამოუკიდებელი ადვოკატის აყვანა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გოდელაძეს დაკავებისას არ ჰყავდა არც ერთი მოწმე, გარდა სამართალდამცავებისა.
უჩა გოდელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სახაზინო ადვოკატი, მამუკა ზოიძე იცავდა. ჩვენს კითხვაზე - განემარტა თუ არა დაკავებულს უფლებები, ზოიძემ გვიპასუხა: „რა თქმა უნდა, დაკავებულს განემარტა, რომ ჰქონდა დამოუკიდებელი ადვიოკატის აყვანის უფლება, რაზეც მან უარი განაცხადა“.
„არის თუ არა სადმე დოკუმენტალურად დაფიქსირებული, რომ გოდელაძემ უარი თქვა ადვოკატის აყვანაზე?“ - ჩავეკითხეთ სახაზინო ადვოკატს. „რა საჭიროა ამის დოკუმენტალურად დაფიქსირება? 5 საათის განმავლობაში არც გამოჩენილა არანაირი ადვოკატი. რაც შეეხება მოწმეს, მართალი გითხრათ, არცაა საჭირო ამ დროს მოწმე“, - განაგრძო მამუკა ზოიძემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაკავებულისთვის უნდა შეეთავაზებინათ მოწმის დასწრება. არც ამის დოკუმენტი არსებობს, რომ ჩხრეკის დროს გოდელაძემ მოწმის დასწრება არ ისურვა. საქმეში არაა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ოქმზე მისი ხელმოწერაც. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შედგენილ ოქმში გოდელაძე მოხსენიებულია როგორც ნასამართლეობის არმქონე: „ბრალდებულ უშანგი ჯუმბერის ძე გოდელაძეს, დაბადებულ 1971 წლის 05 აპრილს ქარელში, წარსულში ნასამართლეობის არმქონეს შეეფარდოს დაპატიმრება 2 (ორი) თვის ვადით“.
მასალაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ციხიდან ახალი გამოსული ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც თავის უკანონო პატიმრობას სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს, თავის დროს უჩა გოდელაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა.
მამუკა ნოზაძეს ვთხოვეთ სამართლებრივად განემარტა ის გარემოებები, რაც გოდელაძის დაკავებას ახლდა თან. მამუკა ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, თავად სამართალდამცველების მხრიდან უპრეცედენტო კანონდარღვევასა და დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას. შემდეგ პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ მედპერსონალის კომენტარებს. ასევე ინტერვიუს ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც ფიქრობს, რომ გოდელაძე მისი „ქურდული“ მენტალობის გამო მოკლეს: ,,უჩა გოდელაძე მოკლული იქნა მისი სტატუსიდან გამომდინარე, რაც ამაზრზენია, რადგან მხოლოდ საქართველოშია ასეთი დისკრიმინირებული მიდგომა. პირი ატარებს კანონიერი „ქურდის სახელს“ და მის მიმართ მარტო ამ მიზეზით ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ხვალ პრეზიდენტს ან პარლამენტს სიტყვა ,,კოსმონავტი" რომ არ მოეწონოს, კოსმონავტების დევნა უნდა დაიწყონ?!“
[საბა წიწიკაშვილი,