19:10 19.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო პროგრამა უკვე მზად არის და მთავარ პრიორიტეტებზე ივანიშვილი 27 მაისს თავად ისაუბრებს.
როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალის ილია ჩაჩიბაიას გადაცემაში ბესელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თემატურმა ჯგუფებმა, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით არიან დაკომპლექტებულნი, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სამართლებრივ და სხვ. დარგების რეფორმებისთვის სერიოზული დოკუმენტები შექმნეს.
„გვინდა, რომ საქართველოში ყოველი ადამიანი ღირსეულად ცხოვრობდეს და არ ეშინოდეს. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, ეს არის გამთლიანებული საქართველო, რომელიც ხელისუფლების შეცვლით მიიღწევა. „ქართული ოცნება“ არის დაფასებული გლეხი, რომელსაც ექნება თავისი შრომის ადეკვატური შემოსავალი ექნება.
პოლიტიკური პროცესი სააკაშვილმა მოკლა და არ დატოვა არც ერთი სარკმელი, რომ მძლავრი საპროტესტო განწყობა გამარჯვებით დასრულებულიყო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ქვეყნისთვის შველა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო, რადგან არ არსებობდა სხვა ძალა, რომელიც იმედწართმეულ საზოგადოებას დაეხმარებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ივანიშვილის ამოცანაა ხელისუფლებაში მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას იგრძნობს.
"ობიექტივი" გადაცემის ჩანაწერი>>>