ექსკლუზიური ინტერვიუ სოზარ სუბართან

სოზარ სუბარი საზოგადოების შეკითხვებს პასუხობს:

- როგორ უნდა განისაზღვროს "ბიზნესის დაწყების სიადვილე" იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებისადმი დამოკიდებულება მათი მთავრობისადმი ლოიალურობის მკაცრად პირდაპირპროპორციულია? უნდა ხდებოდეს თუ არა ამ კოეფიციენტის პარალელურად ბიზნესზე ზეწოლის ფაქტების გამოძიება, რათა ადვილად დაწყებული ბიზნესი უფრო ადვილად არ იხურებოდეს?
- პასუხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ: თავისთავად ის ფაქტი, რომ ბიზნესის დაწყება ადვილია (ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდები, ნაკლები დროისა და ფულის ხარჯვა), არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებაა ადვილი. საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ბიზნესი პოლიტიზებული და მონოპოლიზებულია და გადანაწილებულია ხელისუფლების წარმომადგენლებს (კლანებს) შორის. ბიზნესს, რომელიც არ არის ხელისუფლების ან, მინიმუმ, არ არის ხელისუფლების მიმართ ლოიალური, არსებობის შანსი პრაქტიკულად არა აქვს.

თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. თავისთავად, როცა ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მომხმარებელთა უფლებები არ იქნება დაცული. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, ძალიან სუსტია (უმრავლეს სფეროში კი საერთოდ არ არსებობს) სახელმწიფოს კონტროლი ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოებაზე, როგორიცაა ფარმაცევტული სფერო, კვების მრეწველობა, მშენებლობის ხარისხი და უამრავი სხვა. ეს კი სერიოზულად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს.

შესაბამისად, საქართველოში ბიზნესი მთლიანად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, მომხმარებელი კი სრულიად დაუცველია ფალსიფიცირებული და მავნე პროდუქციისგან.

რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას, ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ის, ვინც უნდა გამოძიოს და ის, ვინც ზეწოლას ახორციელებს, ერთი და იგივე ხალხია. ამის არაერთი ფაქტი მაქვს შესწავლილი და ეს ფაქტები შესულია სახალხო დამცველის მოხსენებებში (მაგ. „შირნჰოფერის“ საქმე, „ბადაგონის“ საქმე, ბადრი პატარკაციშვილის, ქიბარ ხალვაშის, შალვა ობგაიძისა და სხვა ბიზნესმენების დევნის ფაქტები).
- რა საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტები არსებობს მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საბრძოლველად?
- მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ეს არის ხელისუფლების შტოებს შორის რეალური ბალანსის დამყარება: თუ არ იქნება სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც გააკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყობს საპარლამენტო მოსმენებს და შექმნის პარლამენტის საგამოძიებო კომისიებს ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე; თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ითამაშებს რეალური არბიტრის როლს; თუ არ იქნება ძლიერი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია; თუ ინფორმაცია არ იქნება თავისუფალი, მაშინ ვერანაირი საერთაშორისო ბერკეტი ვერ დაგვიცავს უკანონო მოსმენებისგან.

რატომ გახდა უოტერგეიტის საქმის გამოძიება შესაძლებელი აშშ-ში? იმიტომ, რომ იქ არის დემოკრატია. ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოაჩინა, რომ კანონი სერიოზულად ირღვეოდა, დემოკრატიულმა სისტემამ კი შესაძლებელი გახადა შესაბამისი შედეგის დადგომა. რომ არ ყოფილიყო თუნდაც ერთი კომპონენტი - არ ყოფილიყო თავისუფალი მედია, ან არ ყოფილიყო ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის, უოტერგეიტიც არ იქნებოდა, ხოლო ამ თემაზე გაჟონილ ინფორმაციას იგივე შედეგი მოჰყვებოდა, რაც საქართველოში მომხდარ უკანონო მოსმენებს. 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა ჟურნალ „ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომ ხელისუფლება უკანონოდ უსმენდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის, პარლმენტის წევრებსა და მინისტრებს, მაგრამ ამ აღიარებას არ მოჰყვა არანაირი შედეგი მარტივი მიზეზის გამო - არ არსებობს დემოკრატიული სისტემა, რომელიც ამას დაუპირისპირდება.
- რატომ არ შეიტანა სოზარ სუბარმა საჩივარი 7 ნოემბერს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე? ამით ხელი ხომ არ შეუწყო იმ აზრის გავრცელებას, რომ, როგორც ლომაიამ განაცხადა - სუბარი არავის უცემია?
- ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ჩვენება მივეცი მეც და მისცა ამ ფაქტის თვითმხილველმაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ჩავიტარე - შესაბამისად, საჩივრის შეტანის აუცილებლობაც არ არსებობდა. გარდა ამისა, ამ ფაქტს 7 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში მკაცრი შეფასება მისცა და მისი გამოძიება მოითხოვა ევროპარლამენტმა. თანაც, იმ ფონზე, როდესაც სპეცრაზმელებმა სცემეს ათასობით ადამიანი, მათ შორის 700-მდე საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო არაერთმა მოქალაქემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, არ მიმაჩნდა სწორად, ზედმეტი ხმაური ამეტეხა ჩემს ცემაზე. კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა სპეცრაზმი ომბუდსმენს სცემს, მაგრამ რადგან ეს ომბუდსმენი მე ვიყავი, ამ ფაქტს ვერ დავაყენებდი სხვა ადამიანების ცემაზე მაღლა. თუმცა, გამოძიების დამთავრებას დღემდე ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ.
თბილისი არის ერთ–ერთი ყველაზე არამწვანე დედაქალაქი ევროპაში. რას ფიქრობს სუბარი თბილისის ცენტრში ერთი მოზრდილი პარკის შექმნის შესახებ? რას ფიქრობს მდინარე ვერეს ხეობის პრობლემასთან დაკავშირებით?
თბილისში რომ მართლაც კატასტროფული ვითარებაა ამ მხრივ, ამაზე ალბათ აღარავინ დავობს. ეს ულამაზესი განლაგების და ლანდშაფტის ქალაქი რკინა-ბეტონის მოედნად ვაქციეთ, რომელსაც ამკობს გამონაბოლქვის სურნელი. ამას მტერი არ უზამდა თავის ქალაქს. ვაკის პარკიდან რაღა დაგვრჩა? ისე ვექცევით, როგორც წუწკი ბავშვი ნამცხვარს, ხან იქიდან ვკბეჩთ, ხან აქედან. გახედავ - შენობებია ამოჩრილი. ვერეს ხეობას რაც შეეხება, თავისთავად უნიკალური ადგილია, ალბათ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლებოდა, ქალაქს სუფთა ჰაერის და განიავების მნიშვნელოვანი წყარო ექნებოდა. ამის ნაცვლად დავაბეტონებთ მდინარეს. მერე, ფიცი-მტკიცის მიუხედავად, გვერდებზე სამშენებლო ფართებად გაიყიდება ტერიტორია და გაშენდება კორპუსები. ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი მასშტაბური პროექტები, რომელიც ქალაქს უცვლის იერს და გარემოს, დიდი განხილვების საგანია და მთელ საზოგადოებასთან თანხმდება. ამგვარი მშენებლობა დიდი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. რამდენიმე წლით აგირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად და მთელი ხეობა გინდა გააქრო, – ეს რა დამოკიდებულებაა? მე მგონია, ვერეს ხეობაზე, სანამ დროა, სპეციალისტებმა უნდა დადონ დასკვნები, რასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება პარკს ქალაქის ცენტრში. ერთადერთი ასეთი ადგილი იპოდრომია. უბრალოდ, სასიცოცხლო აუცილებლობა მოითხოვს, რომ აქ გაშენდეს თანამედროვე პარკი, პატარა ტბებით, ხეებით, იმის მსგავსი, ევროპის ქალაქებში რომ გვინახავს. მართალია, ფართობი არც იმხელაა, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ერთი ადგილი ხომ უნდა იყოს ქალაქში, სადაც ადამიანი სულს მოიბრუნებს და ბავშვი ბალახს შეეხება. მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ფართობი კერძო მფლობელობაშია, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ყველა წესის დაცვით. ამ ადგილზე კორპუსების მშენებლობა ქალაქის საბოლოო გაწირვა იქნება.- როგორია ხედვა დემოკრატიული სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებით? როგორ გესახებათ ამ პროცესის წარმართვა კონკრეტულად. ზევიდან ქვევით, პირიქით, თუ ორივე მიმართულებით? ანუ არის თუ არა ქართული საზოგადოება მზად, ხელი შეუწყოს ან განაპირობოს დემკრატიზაციის პროცესი? თუ არის, რატომ ვერ ახერხებს და თუ არ არის, როგორ ესახება ამ პროცესების განვითარება?
- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, მზად ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ეს არ ნიშნავს, თითქოს დღესვე ვაკმაყოფილებთ დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტს, მაგრამ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ არ გვინდა შიშში ცხოვრება, არ გვინდა, გვიყალბებდნენ არჩევანს, ვერ ვიტანთ ღირსების შელახვას, გვსურს, იყოს სამართლიანობა და კანონის წინაშე ყველანი ვიყოთ თანასწორი. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლებს, ნათლად დავინახავთ, რას ვითხოვდით ხელისუფლებისგან: შევარდნაძის წინააღმდეგ უკმაყოფილება ტოტალურმა კორუფციამ გამოიწვია, ხოლო არჩევნების გაყალბებამ უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოიყვანა; სამი წლის შემდეგ, იგივე ადამიანები უკვე უსამართლობისა და კანონის წინაშე უთანასწორობის განცდამ გამოგვიყვანა ქუჩაში. ძალიან სიმპტომატური იყო ლოზუნგი, რომელიც აერთიანებდა 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს - „არ მეშინია“! ამ მოკლე ფრაზაში ჩაეტია ჩვენი საზოგადოების მთელი გულისტკივილიც და მოთხოვნაც - ჩვენ გვინდა თავისუფლება და არ გვინდა დაბრუნება საბჭოთა კავშირში.

ვარდების რევოლუციამდეც არ ყოფილა საიდუმლო, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მისი რიტორიკისა, არ იქნებოდა დემოკრატიის მამა, მაგრამ მაშინ ჩვენ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, აქცენტი სხვა რამეზე გავაკეთეთ: შევარდნაძის პერიოდში კორუფციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა, მისგან ხსნის ყველაზე სწრაფ გზად კი სააკაშვილის - როგორც ყველაზე რადიკალურად ოპოზიციური და თან პროდასავლელი ლიდერის - გამარჯვება ჩანდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის პროდასავლელობა და დამოკრატობა კარგად დასწავლილ რიტორიკას არ სცდებოდა. ჩვენი საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა და მალევე მოინდომა საკუთარი შეცდომის გამოსწორება. ცხადია, ეს არ აღმოჩნდა ისეთი სწრაფი და ადვილი პროცესი, როგორც ეს ბევრს - როგორც ოპოზიციურ ლიდერს, ისე მოქალაქეს - წარმოედგინა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და მისი გაჩერება შეუძლებელია. არჩევნები სწორედ ამ პროცესის გამარჯვებით დაგვირგვინებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური, ლეგიტიმური და ხანმოკლე გზაა.

გზა დემოკრატიისკენ ორმხრივია - საზოგადოება აკეთებს არჩევანს, ხოლო ხელისუფლება არჩევნებით მიღებულ მანდატს არ იყენებს ავტოკრატიის დამყარებისთვის. ამის საფუძველი კი პოლიტიკური პლურალიზმია - მრავალპარტიული პარლამენტი და საკრებულოები. პოლიტიკური მოძრაობის „ალიანსი საქართველოსთვის“ გამარჯვება იქნება გარანტი, რომელიც მოიტანს რეალურ ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის: საკრებულოები (თბილისშიც და რეგიონებში) გააკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას (მერებს, გამგებლებს), თვითმმართველობა იქნება დამოუკიდებელი და არ იქცევა ცენტრალური ხელისუფლების ყურმოჭრილ მონად, პარლამენტი გააკონტროლებს პრეზიდენტს და მთავრობას, ხოლო სასამართლოს საქმეებში არავინ ჩაერევა. ამის გარანტი არის ძლიერი დემოკრატიული სისტემის შექმნა და შესაბამისი ტრადიციის ჩამოყალიბება, თუმცა სისტემის შექმნას და ტრადიციის ჩამოყალიბებას სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება - ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც არ დაარღვევს საზოგადოებასთან დადებულ ხელშეკრულებას და მოპოვებულ ძალაუფლებას ბოროტად არ გამოიყენებს. აქ კი უკვე არჩევანი საზოგადოებაზეა. შესაბამისად, ნათელია, რომ დემოკრატიული პროცესი ორმხრივია, ოღონდ საფუძველი საზოგადოების მზადყოფნაა. ჩვენი საზოგადოება კი ამისთვის მზად არის.

- თქვენი ომბუდსმენობის პირველ წლებში ოპოზიცია გსაყვედურობდათ, ხელისუფლებას უჭერს მხარსო, ბოლო წლებში კი პირიქით, ხელისუფლება გსაყვედურობდათ, ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციაში გადასასვლელად ქულებს იწერსო. თვითონ თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენი ომბუდსმენობის ამ ორ პერიოდს?

- არ არსებობს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული ორი პერიოდი. განსხვავება იყო, ოღონდ უფრო გარეგნული. სახალხო დამცველობის პირველივე დღიდან მოყოლებული, არ ყოფილა კონკრეტული საქმე, რომელზეც კომპრომისი დაგვეშვა ან ადეკვატური შეფასება არ გაგვეკეთებინა. ამისი ნათელი მაგალითია, თუნდაც, ჩემი პირველი მოხსენება და პირველი გამოსვლა პარლამენტში (იხ. დანართი №1).

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ ვფიქრობდი (და არამარტო მე), რომ უფლებების დარღვევის ტალღა დროებითი, რევოლუციის თანამდევი მოვლენა იყო, რომელიც აუცილებლად გადაივლიდა. სამწუხაროდ, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ უფლებების დარღვევამ და ანტიდემოკრატიულმა პროცესმა შეუქცევადი პოლიტიკის ხასიათი მიიღო და მას შემდეგ შეიცვალა ჩემი განცხადებების ხასიათიც - ისინი სულ უფრო მეტად შეფასებითი ხდებოდა, რადგან ფაქტები ამას მოითხოვდა. თუმცა, შეიცვალა მხოლოდ განზოგადების ხარისხი და არა განცხადებების სიმძაფრე, რადგან პირველივე განცხადებები უაღრესად მძაფრი იყო.

ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემენარჩუნებინა ურთიერთობები ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან“, რადგან ხშირად ეს არის საშუალება, დაეხმარო კონკრეტულ ადამიანებს და გარკვეულ სფეროებში ვითარების შეცვლას მიაღწიო. მართალია, მკაცრ განცხადებებს პერიოდულად სერიოზული კონფლიქტები მოჰყვებოდა ხოლმე ქვეყნის მმართველებთან, მაგრამ პირველ ეტაპზე ვახერხებდით ურთიერთობის აღდგენას, ოღონდ თანდათან ეს შეუძლებელი გახდა.

იყო ცალკეული შემთხვევები, როცა საზოგადოებისა თუ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ჩემგან ითხოვდა შეფასებებს ისეთ საკითხებზე, რაც სცილდებოდა სახალხო დამცველის კომპეტენციას და რასაც, ბუნებრივია, არც მაშინ ვაკეთებდი და არც შემდგომ. მაგალითად, მიმეცა შეფასება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გაუქმებისთვის. მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკის საკითხი იყო და არა უფლებების დაცვის: საზოგადოებას შეეძლო დაეცვა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და დაიცვა კიდეც, მაგრამ ეს სცილდებოდა სახალხო დამცველის კომპეტენციას. თუმცა, ჩვენი წვლილი ამ საქმეშიც შევიტანეთ, რადგან დოკუმენტები, რომლითაც ცხადი გახდა, რომ თბილისის მერიას არაფერი ესაქმებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ და გადავეცით სასახლის ადმინისტრაციას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ცალკეული საქმეების შესწავლა-გამოძიებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას დრო სჭირდება. 2006 წლის 2 მაისს თბილისის ცენტრში პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ავტომანქანაში ჩაცხრილა ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. სამნახევარი წლის ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ, რომ ამ საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა და უფრო დაბეჯითებით გვეთქვა ის, რასაც მანამდეც ვამბობდით: ამ ორი ახალგაზრდის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო საქმის გამოძიება, ისევე როგორც სახელმწიფო ექსპერტიზა, შეგნებულად გაყალბდა. მე კარგად ვიცნობ ევროპის ომბუდსმენების საქმიანობას და კარგად ვიცი - რომელიმე მათგანს რომ თუნდაც ერთი ამის მსგავსი გამოძიება ჩაეტარებინა, ამაზე ათეულობით წლები ილაპარაკებდნენ და ქრესტომათიებში შეიტანდნენ, ჩვენ კი ამ ხუთი წლის განმავლობაში არაერთი ასეთი მნიშვნელობის საქმე გვაქვს შესწავლილი და გახმაურებული.
- როდის ისაუბრებს სოზარ სუბარი საჯაროდ 7 ნოემბრის დარბევაზე გადაწყვეტილების მიმღებთა შესახებ? ამის თაობაზე უკვე რამდენჯერმე "დაიმუქრა".

- ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან - საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენების დროს, დავასახელე 4 ნოემბრის თათბირის ორგანიზატორების ვინაობა. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი (თათბირი მის კაბინეტში, მისი ხელმძღვანელობით შედგა), საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია. პარლამენტშივე განვაცხადე, რომ თათბირზე შს მინისტრმა გასცა დავალება, მომხდარიყო მიტინგებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მათ მიმართ ინდივიდუალური ტერორის განხორციელება: ზოგიერთი უნდა ეცემათ (ძირითადად თირკმელებში - ვანო მერაბიშვილის დავალება, ზოგიერთი სახეშიც - დათა ახალაიას თვითშემოქმედება), ზოგიერთი უნდა დაეშინებინათ (დავალება დათა ახალაიას), ვიღაცეები ნარკოტიკის ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინათ, ხოლო ბიზნესმენებს დავით კეზერაშვილი (როგორც ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი) „მიხედავდა“.

მე, როგორც კონსტიტუციური თანამდებობის პირმა, გამოვიყენე ორგანული კანონით მონიჭებული უფლება და მოვითხოვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა. განვაცხადე, რომ სწორედ ამ კომისიას წარვუდგენდი ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს და დავუსახელებდი იმ მოწმეებს, რომლებიც მისცემდნენ დეტალურ ჩვენებას ამ თათბირთან დაკავშირებით. პარლამენტმა უარი თქვა კომისიის შექმნაზე, რითაც განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საქმის გამოძიება და მასზე ჭეშმარიტების დადგენა.

თანაც, 4 ნოემბრის თათბირს მოჰყვა 7 ნოემბერი - მშვიდობიანი მანიფესტაციის სრულიად უკანონო დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმებისა და არაფორმალური შეიარაღებული რაზმების შეჭრა, ჟურნალისტების ცემა, კომპანიის ქონების განადგურება და რამდენიმე ტელე- და რადიოკომპანიის უკანონო დახურვა. როცა ამ აშკარა დანაშაულებს არ მოჰყვა რაიმე სამართლებრივი რეაგირება, რას მოგვცემს 4 ნოემბრის თათბირის სხვა მონაწილეთა დასახელება? ცხადია, საზოგადოება უნდა იცნობდეს, ვინ ვინ არის, უნდა იცნობდეს თავის გმირებსაც და ანტიგმირებსაც, საზოგადოებას აქვს უფლება, დაიკმაყოფილოს ინტერესი, მაგრამ რამდენად არის ეს საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ დროზე ადრე გავშიფროთ მოწმეები და გავამჟღავნოთ მტკიცებულებები? თანაც, ამ თათბირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაშინვე, 7 ნოემბრის შემდგომ დღეებში, მივაწოდე რამდენიმე ევროპელ დიპლომატს. შესაბამისად, იმის თქმა, თუ სახალხო დამცველმა ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი იცოდა, რატომ არავის უთხრაო, საფუძველსაა მოკლებული.

დაბოლოს, არსებობს მოწმე, რომელიც მზადაა, მისცეს ჩვენება გამოძიებას, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, ან უბრალოდ, საჯაროდაც განაცხადოს ამ შეხვედრის დეტალებზე, მაგრამ უნდა დარწმუნდეს, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვება.

P.S. 7 ნოემბრის დარბევა 4 ნოემბრის თათბირზე არ დაგეგმილა, ეს მე არასდროს მითქვამს. 7 ნოემბერის დარბევა, ეტყობა, მოგვიანებით, სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება იყო. 4 ნოემბერს რაზეც საუბრობდნენ, ეს იყო პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ის სცენარი, რომელიც წელიწადნახევრის შემდეგ, 2009 წლის აპრილ-აგვისტოს პერიოდში განახორციელა ხელისუფლებამ.
- როგორ აპირებთ იმ რეალობის შეცვლას, რომ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად არ ხდება? შესაბამისად არც პროცესია გამჭვირვალე.
- ავტოკრატიის პირობებში შეუძლებელია, თვითმმართველობამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. თვით ჟურნალისტებიც კი ვერ ახერხებენ, თბილისის საკრებულოს სამ წევრზე მეტი გაიხსენონ, არადა, რამდენიმე წლის წინ ყველა წევრის გვარი-სახელი იცოდნენ, რადგან მაშინ თვითმმართველობაში რეალური პოლიტიკური ცხოვრება ჩქეფდა. პროცესი როგორ შეიძლება გამჭვირვალე იყოს, როცა პროცესი არ მიმდინარეობს? იმისთვის, რომ საკრებულოებში პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, საჭიროა მრავალპარტიული საკრებულოების არჩევა, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ აღმასრულებელ რგოლში (მერია, გემგეობები) საბიუჯეტო და სხვა პროცესის გამჭვირვალობას.
- თქვენი პარტიის აზრით, რა ფუნქცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს? შეეცადეთ დეტალურად აგვიხსნათ, როგორ უნდა დაინიშნოს მენეჯმენტი, რისი უფლება უნდა ჰქონდეს სამეურვეო საბჭოს? ვინ ან რა ინსტიტუტი გადაწყვეტს - გადაუხვია თუ არა მაუწყებელმა სახელმწიფო ინტერესებიდან და რა იქნება ამის პრევენციის მექანიზმი?
დარწმუნებული ვარ, ამ დარგის ექსპერტები, მათ შორის თავად ქალბატონი ია, ბევრად უკეთესად გესაუბრებათ ამ საკითხზე, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მოკლედ გიპასუხებთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საზოგადოების მიერ, ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა წესით. ტელევიზია არ უნდა იყოს დამოკიდებული რეკლამაზე. იგულისხმება, რომ ის არის სრულად დამოუკიდებელი. სხვადასხვა ქვეყანაში სამეთვალყურეო საბჭოს (ე.წ. ბორდს) სხვადასხვა წესით ირჩევენ, იდეა გახლავთ ის, რომ ბორდი გამოხატავდეს საზოგადოების განწყობას.

ჩვენთან პრობლემა გახლავთ არა ის, რომ პარლამენტი ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს, არამედ ის, რომ პარლამენტის ორი მესამედი ერთ პარტიას წარმოადგენს. ანუ გამოდის, რომ მოსახლეობის ორი მესამედი ერთნაირად ფიქრობს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ფიქრობდა არჩევნების დღეს. რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა და ამის მტკიცება რომ ვინმემ დაიწყოს, განსაკუთრებული სქელი შუბლით უნდა იყოს შეჯავშნული. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს ფორმალურად ვითომ პარლამენტი ნიშნავს, რეალურად კი - მმართველი პარტია და ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სინამდვილეში ერთი პარტიის მაუწყებელი გამოდის.

ეს ყველაფერი რატომ ვთქვი? შეკითხვაში ნათქვამია, ვინ გადაწყვეტს, გადაუხვია თუ არა მაუწყებელმა სახელმწიფოს ინტერესებსო? აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ინტერესებია კონსტიტუციის და კანონების დაცვა, ავტორიტარულში კი, როგორც წესი, სახელმწიფო ინტერესებად ცხადდება მაღალი თანამდებობის პირების ხუშტურები. მაგალითად კანონით განსაზღვრულია ინფორმაციის მიღების თავისუფლება, მაგრამ მავანი ჩინოვნიკი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია მოსახლეობას აწყენს და ამიტომ, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დაუმალავს. როგორც წესი, როცა ჩინოვნიკები სახელმწიფო ინტერესებზე საუბრობენ, რაღაც უკანონობა აქვთ ჩადენილი და იმის დაფარვა სურთ.

- ფაქტია, რომ ქვეყანაში ყოველთვიურად ათეულობით ახალი საწარმოს გახსნის მიუხედავად, რომლებშიც ათასობით ადამიანი საქმდება (და მათი ხელფასები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პოსტსაბჭოთა სივრცეში), ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ ფონზე გაუმართლებელია სამინისტროებისა და სხვა უწყებების მაღალჩინოსანთა 50 000 დოლარიანი და უფრო დიდი ღირებულების სამსახურებრივი ავტომობილების კოლექციების შეძენა-შენახვა, მათი მომსახურებისა და საწვავის ხარჯები, სამივლინებო ხარჯები, მაშინ, როდესაც ევროპელ პრემიერ-მინისტრთა დიდი ნაწილი ხშირად ველოსიპედებით დადის. როგორია ბატონი სოზარის პოზიცია აღნიშნულთან და, საერთოდ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ დაინტერესებულა ამ ხარჯების მოცულობით, მუხლებით, კონკრეტულად, რისი შემცირება და რამდენით მიაჩნია რეალურად?
- ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს, ყოველთვიურად ათეულობით საწარმო იხსნება, სამაგიეროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად პრეზიდენტი სააკაშვილი რამდენჯერმე საზეიმოდ ხსნის ერთსა და იმავე საწარმოს... ზოგიერთ საწარმოს დაბედებული აქვს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად საზეიმოდ გაიხსნას (ზოგიერთი წელიწადში ორჯერაც). ისიც ფაქტია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილები რამდენიმე ათეული ათასით შემცირდა.

ასევე ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს საქართველოში დასაქმებულთა ხელფასები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პოსტსაბჭოთა სივრცეში. არის რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც ხელფასები საქართველოზე დაბალია (მაგ. ტაჯიკეთი), მაგრამ უმრავლეს ქვეყნებში საშუალო ხელფასიც და პენსიაც საქართველოზე მნიშვნელოვნად მაღალია.

სამაგიეროდ, აბსოლუტურად ვიზიარებ აზრს, რომ გაუმართლებელია, როცა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს, არამედ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებსაც კი (მაგალითად პრეზიდენტის მრჩევლებს) ძალიან ძვირიანი სამსახურებრივი ავტომანქანები ემსახურებათ. ასევე გაუმართლებელია, როცა სახელმწიფო დაცვა ემსახურებათ არა მხოლოდ მინისტრებს (რაც ასევე გაუგებარია), არამედ მათ მოადგილეებს, დეპარტამენტების უფროსებსა და ზოგჯერ პარლამენტის საშუალო რგოლის თანამდებობის პირებსაც კი.

ასევე დაუშვებელია პრაქტიკა, როდესაც საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობა მკაცრად ასაიდუმლოებს თანამდებობის პირებზე და საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების ოდენობას, რაც ხშირად რამდენჯერმე აღემატება ხელფასების ოდენობას.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს – რა მოცულობით და რომელ სფეროებში უნდა შემცირდეს, ამის ზუსტი დაგეგმვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ამ ინფორმაციასთან სრული მიწვდომის საშუალება გვექნება. დღეს, როდესაც კონტროლის პალატა (საპარლამენტო კონტროლის ორგანო) თვით პარლამენტსაც კი უსაიდუმლოებს თბილისის მერიის შემოწმების მასალებს, არ არის ადვილი ამ კითხვაზე დეტალური პასუხის გაცემა.
- როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესზე გამჭვირვალე დაკვირვება არსებული რეჟიმის პირობებში?

- მიუხედავად რეჟიმის მცდელობისა, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური გამოყენებისა, მიუხედავად სერიოზული გაყალბებისა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები წააგო არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ბევრ სხვა რაიონშიც. მათ შორის, რამდენიმე რაიონში არამარტო წააგო არჩევნები, არამედ მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა. თუმცა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, „ალიანსი საქართველოსთვის“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების სამუშაო ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ დანართ №2-ში.

ამასთან, ალიანსი აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან (აშშ, ევროკავშირი და ევროპის წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოები), რათა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნას მძლავრი და მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს მთელ პროცესს როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების პერიოდში.

ამასთან, უკვე დაწყებული გვაქვს მობილიზება იმ ადამიანებისა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს ყველა უბანზე და არ დაუშვებენ გაყალბების მცდელობებს. მოტივირებული, კომპეტენტური და პრინციპული კომისიის წევრების და დამკვირვებლების საკმარის რაოდენობას შეუძლია გაყალბება მინიმუმამდე დაიყვანოს - ამაში მე დამარწმუნა სადამკვირვებლო აქტივობამ, რაც სახალხო დამცველის ოფისმა განვახორციელეთ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.

- მერი მხოლოდ თბილისში უნდა აირჩეს პირდაპირ თუ სხვა ქალაქებშიც? როდიდან?

- ალიანსის პოზიციაა, რომ მერის პირდაპირ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხუთ თვითმმართველ ქალაქში. ესენია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი. ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილისგან და პარლამენტისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, შეასრულონ დაპირება და არჩევნები დაინიშნოს არაუგვიანეს 2010 წლის 30 მაისისა.
- მერის არჩევნების რომელ ფორმას უჭერს მხარს და რატომ? არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხმების დაცვის რა მექანიზმებზე ფიქრობთ?

- თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი კენჭისყრის გზით. გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50%+1 ხმას. უფრო დაბალი ბარიერის არსებობის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ არჩეულ მერს მოსახლეობის მეტად მცირე რაოდენობის ნდობის მანდატი ექნება, რაც პოლიტიკურ სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

არჩევნების გაყალბებისგან დაცვის ზოგიერთ მექანიზმზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე, ხოლო ხმების დაცვისთვის არ გამოვრიცხავთ ყველაზე რადიკალურ აქციებსაც.

-რამდენად მზად იქნება თქვენი გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, თუკი ის მართლაც გვიან შემოდგომაზე გაიმართება?

- არჩევნების თარიღებით მანიპულირება საქართველოს ხელისუფლების საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ მოვითხოვთ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდე მოხდეს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი გამოწვევა და მოვიგოთ არჩევნები ნებისმიერ ვადაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს რომ შესაძლებელია, გასულ წელს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომელში მონაწილეობაც ოპოზიციას სერიოზული ცაიტნოტის პირობებში მოუხდა.
-როგორ ესახება მოძრაობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გზები?
რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ინტერესების შეულახავად, საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფოს მეზობლობა არ გახლავთ იოლი ხვედრი და ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ უკიდურესად გონივრული ნაბიჯების გადადგმას. რუსეთთან კუნთების დემონსტრირებასა და ხელის გადაწევის პოლიტიკას ერიდებიან დიდი და ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენთვის ასეთი რამ დამღუპველია.

დღეს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჩამოაჭრა და დამოუკიდებლად ცნო ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი და შემდგომი ოკუპაციის მუქარებიც გაისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ იმის ყვირილი, რომ რუსეთი ოკუპანტია და შეჯიბრი რუსეთის ლაძღვაში, შეიძლება ვიღაცას გულს ფხანს, მაგრამ სრულიად უშედეგოა. მჩხავანა კატა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ პიარზე და არა თაგვის დაჭერაზე. ოკუპაციის პასუხად იმის მოწოდება, რომ არ წავიკითხოთ რუსი მწერლები და დავანგრიოთ პუშკინის ძეგლი, არა მხოლოდ უგუნურებაა, არამედ რეალობისგან სრული მოწყვეტაც.

დღეს რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაელაპარაკება საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დამნაშავედ მიაჩნია; საქართველოს ხელისუფლება კი პასუხობს, რომ არ დაელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, სანამ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია. რუსეთს ერთმნიშვნელოვნად აწყობს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამგვარი ვითარება, ხან მამისონთან ჩამოჩოჩდება, ხან თრუსოში და კიდევ ვინ იცის, სად, მაგრამ ჩვენ გვაწყობს?

რასაკვირველია, ოკუპანტთან დიალოგი ადამიანურადაც და პოლიტიკურად ძალიან მძიმეა და რთული, მაგრამ თუ რუსეთთან რაგინდარა მიზეზის გამო ვერ ახერხებს საუბარს, გვარგია ასეთი ხელისუფლება? სწორედ იმიტომ, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, ათიათასობით დევნილი გვყავს და რუსეთში უამრავი ჩვენი თანამემამულეა ორცეცხლსშუა მოქცეული, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება დიალოგი და ურთიერთობები რუსეთთან.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთულესი და დროში გაწელილი პროცესია, თუმცა, სავსებით რეალურია სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში. ქვეყნის გამთლიანებას წინ უნდა უძღოდეს სახელმწიფოში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება, ეკონომიკური აღმავლობა, ანუ აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი, საინტერესო გარემოს შექმნა და ამავე დროს ინტენსიური მუშაობა რუსეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით. პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, მაგრამ არც უნდა გავუსწროთ და იმ კოზაკის როლში არ აღმოვჩნდეთ, აქლემების ჩხუბში რომ იჭყლიტება.

მუშტების ჰაერში ქნევა, პიარკონცერტები და ფსევდოპატრიოტული კლიპები მხოლოდ ვირტუალურ ილუზიებს ქმნიან, რომ თითქოს სადღაც მივდივართ, სინამდვილეში კი ეს არის გზა არსაით.

როგორ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას, გერმანელებმა, ფინელებმა ან იაპონელებმა სიმღერა არ იციან, კლიპების ფული არა აქვთ, თუ დავიწყებული აქვთ კენიგსბერგი, კარელია ან კურილიის კუნძულები?! დავაკვირდეთ, როგორ წონიან თოთოეულ სიტყვას, ზომავენ ნაბიჯს და დინჯად, თანმიმდევრულად, მინიმალური რისკებით მიიწევენ მიზნისკენ. იაპონიას დღემდე არა აქვს საზავო ხეშეკრულებაზე ხელი მოწერილი რუსეთთან, მუდმივად დღის წესრიგში აქვს თავისი კუნძულების საკითხი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობებს. ცხადია ეს არ არის ვაჭრობა მხოლოდ ვაჭრობისთვის, საჭიროა მუდმივი ურთიერთობები, რათა გრძნობდე მაჯისცემას.

მსოფლიო პოლიტიკური პროცესები არ არის გაყინული, მუდმივ დინამიკას და ცვალებადობას განიცდის. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რაღაც შეიცვალა მთელ მსოფლიოში, ახალი ბალანსი შედგა და ჩინეთმა რუსეთისგან დაიბრუნა რამდენიმე კუნძული, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ითხოვდა. ამ ომის შედეგი იყო თუ არა, ფაქტია, რომ დაიბრუნა. აუცილებლად დადგება ისეთი ვითარება, როდესაც საქართველოსაც მიეცემა შანსი, ოღონდ ამას მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა ფინეთის მაგალითი, რომელსაც რუსეთმა ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩამოაჭრა და მისი არსებობაც მთლიანად საფრთხის წინაშე იდგა. ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც ორი მძიმე ომი ჰქონდა რუსეთთან მე-20 საუკუნეში და რომელიც, პრაგმატიზმიდან გამომდინარე, მაინც პოლიტიკურად გამორჩეულად ლოიალური რჩება რუსეთის მიმართ, საკუთარი თვითმყოფადობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებით. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რაციონალურად გამოიყენა და კეთილდღეობის წყაროდ იქცია გასაღების ვეებერთელა ბაზარი.

იმედი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის ან სინდისის ქენჯნის გამო, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და რუსეთი დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, არ უნდა გვქონდეს, ან უფრო შელამაზებულად თუ ვიტყვი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯებით, რუსეთთან დიალოგით და ურთიერთობით, გეოპოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ამ პრობლემების გადაწყვეტის დრო.

რას ფიქრობთ საქართველოსა და ნატოს პერსპექტივებზე?

ნატოში, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში, შესვლა ვერ იქნება და არც უნდა იყოს ქვეყნის თვითმიზანი. თვითმიზანი უნდა იყოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თუმცა, სამწუხაროდ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს დგამდა და საქმით მიისწრაფოდა ნატოსკენ, ვინაიდან, ჯიუტად არ ასრულებდა ამ ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს - ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას და სამართლიანი გარემოს შექმნას.

ამ მიმართულებით წარმოებული აქტივობები მხოლოდ ამ ავადსახსენებელ პიარს ემსახურებოდა. გაიხსენეთ მაპის ეგზალტირებული მოლოდინი; მაპის არმიღების შემდეგ პიარისტერიკის გაჩაღება იმის შესახებ, რომ მაპზე უარის თქმა უფრო მაგარი რამეა, ვიდრე მაპის მიღება და შემდეგ საყვედურები მეგობარი სახელმწიფოების მიმართ, მაპი რომ მიგვეღო, ეს ამბავი (ომი და ოკუპაცია) არ დაგვემართებოდაო.

სინამდვილეში ნატო სულაც არ არის საყვირალი, მუშტების საქნევი და პიარტრიუკებისთვის გამოსაყენებელი თემა და იგი გლობალურ კონტექსტშია განსახილველი. ჩვენი მეგობარი ის ქვეყნები, რომლებიც თავს იკავებდნენ საქართველოს ნატოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე, ამას ჩვენდამი ცუდი განზრახვით კი არ აკეთებდნენ, არამედ ეს იყო იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომ ამ ეტაპზე ნატოს არ შეუძლია საქართველოს სამხედრო ძალით დაცვა და ამ თვალსაზრისით ჩვენ ილუზიები არ უნდა შევიქმნათ. დღეს სერიოზული პოლიტიკოსები და ექსპერტები შეთანხმებულნი არიან იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი რომც ყოფილიყო, ნატო მაინც არავითარ შემთხვევაში არ აამოქმედებდა წესდების იმ მუხლს, რომელიც თავისი წევრის სამხედრო ძალით დახმარებას ავალდებულებს და არ დაიწყებდა მესამე მსოფლიო ომს. და მადლობა ღმერთს, რომ ასეა, დიდი მიხვედრა არ უნდა, რა ხეირს დააყრიდა ჩვენს ქვეყანას ამგვარი დახმარება, ანუ მის ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტი ორ სამხედრო გიგანტს შორის.

საქართველოს ნატოსკენ გასავლელი აქვს ორი გზა, ერთი - ქვეყნის შიგნით, მეორე - გარეთ. შიდა გზა გულისხმობს დემოკრატიის დამყარებას, ეს გზა უნდა გავიაროთ მაქსიმალურად სწრაფად და მაღალი სტანდარტებით, რაც შეეხება გარე გზას, იქ, როგორც ჩანს, არ უნდა ვიჩქაროთ ბოლოში გასვლა, ვიდრე ნატო არ იქნება ამისთვის მზად, ვინაიდან ზედმეტი სიჩქარე რისკებთან და საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ჩვენმა ქვეყანამ საკმარისად იწვნია პოლიტიკური სულსწრაფობის დრამატული შედეგები.
როგორ აპირებთ საკუთარი ახლობლების, მეგობრების და ნათესავების მავნე ზეგავლენისაგან თავის დაღწევას, მერე უცბად ყველაზე ნიჭიერ ბიზნესმენებად და "სუპერმენებად" რომ არ მოგვევლინონ?
შეკითხვა ოდნავ არაკორექტულია და რედაქტირებას საჭიროებს, თუმცა, მე არ მქონდა მისი გასწორების უფლება. შეკითხვის ავტორი მავნე ზეგავლენას, ალბათ, მომავალში გულისხმობდა. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ჩემი ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ძალიან მეძვირფასებიან და მათგან მხოლოდ დადებითი იმპულსები მომდის. რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების ნათესავთა უეცარ ქონებრივ აღზევებას, ეს ხდება მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სუფევს ”ბეზპრედელი” ანუ განუკითხაობა და უსამართლობა; სადაც კანონია პრეზიდენტის ნება და არა კანონი; სადაც არ არის - თავისუფალი მედია, რომელიც ამხელს, თავისუფალი გამოძიება, რომელიც შეისწავლის და თავისუფალი სასამართლო, რომელიც პირუთვნელად განსჯის.

ისევ ნიქსონის მაგალითი გავიხსენოთ, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტმა, უზარმაზარი ძალაუფლების მქონემ, კანონს გადაუხვია და დაამთავრა კარიერა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ნიქსონის ბიძაშვილი რომ მიდგომოდა ფორდის ქარხანას, დღეიდან 50%-ში თუ არ ჩამსვამ, ფინანსურს შემოგისევო? მოკვდებოდნენ სიცილით. ასე რომ მეგობარ-ნათესავთა უეცარი და, რაც მთავარია, უსამართლო(!) გამდიდრების თემა უსამართლო სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა და მას არ უშველის რომელიმე პრეზიდენტის თუ თანამდებობის პირის პიარპრესკონფერენციები, რომ არ დაუშვებს ნეპოტიზმს და ახლობლების აღზევებას. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ასეთი ტიპის პრობლემები არ არსებობს. თავისთავად კარგია და იმედის მომცემი, რომ ასეთი უსამართლობები გვაბრაზებს და ნერვებს გვიშლის, ეს ნიშნავს, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ავაშენოთ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო! ნუღარ გადავდებთ, დავიწყოთ...


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...